გასკდა გული! რამდენი გვარყია და გვაჯანჯღარა ერთმა თამაშმა! არ გვინდა, არ არის საჭირო ტაქტიკურ ჩავარდნებზე, მწვრთნელის შეცდომებზე, მოთამაშეთა ფსიქოლოგიური მზადყოფნის ხარვეზებზე და სხვა მეცნიერებებზე საუბარი. საქართველო-საბერძნეთის მატჩი იყო ორსაათიანი სანახაობა, რომელმაც ყველა ტრილერზე მეტად მიგვაჯაჭვა სპორტის სასახლის საკალათბურთო სარბიელს.
პირველი მეოთხედის +13 უკვე იძლეოდა ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს. ორიოდე წაფორხილების მიუხედავად, ქართველები მუხლმაგრად იდგნენ დაცვაში, ფანტაზიის უნარს ამჟღავნებდნენ შეტევაში და გოგა ბითაძემ ბერძენთა ფარი ბარე ორჯერ კინაღამ ჩამოშალა. მეორე მეოთხედის პირველ ნახევარში ელინებს თითქოს საერთოდ წაერთვათ თამაშის ხალისი და ქართველთა უპირატესობამ 17 ქულას რომ უწია, მაშინ კი უაღრესად სახიფათოდ გამოცოცხლდნენ, მაგრამ ჩვენები მიაწვნენ და 49:38 წაიმძღვარეს გასახდელში.
ნერვების მწიწკნავი მესამე მეოთხედის შემდეგ ბერძნები დაწინაურდნენ (65:64) და როცა ერთხელაც გვეახლა შიში იმისა, რომ ბიჭები ვერ გაუძლებდნენ – გაუძლეს და თითქმის გაიტანეს. თამაშის დასრულებამდე წუთზე ოდნავ მეტით ადრე 6 ქულას ვიგებდით და ტრიუმფი ჩვენი ჩანდა.
მერე კი მოხდა ის, რაც მოხდა… დასანანია, რადგან რაღაც დიდს ან იქნებ დიადსაც მივუახლოვდით, მსოფლიო საკალათბურთო ელიტის წარმომადგენელი პირშავად უნდა გაგვესტუმრებინა და თამაშის ბოლო წამებმა მწარე გემო და სიმწრის სიცილი დაგვიტოვა მხოლოდ, მაგრამ ერთი შავი დღე იყო და ჯობს, დავივიწყოთ. ფაქტია – საქართველოს ჰყავს კალათბურთის ნაკრები, რომლის თამაშზე ქომაგი სპორტს სასახლეს მომავალშიც მიაწყდება.
