მაურიციო სარი ამბობს, რომ ედენ აზარს სეზონში 40 გოლის გატანა შეუძლია, ოღონდ ამისათვის საჭიროა მან დაცვაზე ზრუნვას თავი დაანებოს და საკუთარი საჯარიმოდან შორს, მეტოქის კარის სიახლოვეს იტრიალოს.

„ჩელსიმ” მე-5 ტურში „კარდიფს” 4:1 მოუგო. ოთხიდან სამი გოლი ბელგიელმა გაიტანა. მას ჰეთ-თრიკი ოთხ წელიწადზე მეტია არ შეუსრულებია. ამ გამარჯვების შემდეგ დასავლეთ ლონდონელები პრემიერლიგის ცხრილის სათავეში დამკვიდრდნენ.

გახარებულმა სარიმ აზარს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა. ის კმაყოფილია, რომ ვარსკვლავი, რომლის საბაზრო ღირებულება 200 მილიონი გირვანქაა, „ჩელსიში” დარჩა და „რეალში” არ გადავიდა.

„აქამდე მეგონა, რომ აზარი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ ახლა დავრწმუნდი, რომ ის ყველას ჯობია. მე მას ვუთხარი, რომ შეუძლია სეზონში 40 გოლი გაიტანოს, მაგრამ ამისათვის საჭიროა თავის ნახევარზე სირბილს თავი დაანებოს და ბოლო 25 მეტრში იმოქმედოს”.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ჰარი კეინმა და მო სალაჰმა სწორედ 40 გოლზე მეტი გაიტანეს.

აზარის წყალობით, სარი გახდა ერთ-ერთი იმ ოთხი მწვრთნელთაგანი, ვინც პრემიერლიგაში პირველი ხუთი თამაშის მოგება შეძლო. სარის გარდა ასეთი შედეგით დაიკვეხნიან პეპ გვარდიოლა, კარლო ანჩელოტი და კრეიგ შექსპირი.

სარის მიდგომა, რომ აზარმა დაცვაში თამაშით თავი არ უნდა შეიწუხოს, ეწინააღმდეგება „ჩელსის” წინა მწვრთნელების ანტონიო კონტესა და ჟოზე მოურინიუს მიდგომას. ისინი ბელგიელს უკან ჩასვლას სთხოვდნენ.

„ჩელსის” თავკაცი ამბობს, რომ აზარისთვის მთავარი მოედანზე თავისუფლება და „რეალში” გადასვლის თავიდან ამოგდებაა.