• ერთი კარგად ამიხსენი, “ბარსელონას” ამბავი როგორ იქნება
  • ტუზი დაეცა.
  • განა ის კაცი ტუზია?
  • ფაბიო კაპელო?
  • რაღაც არ მესმის მაგის ტუზობა.
  • მართლა არ გესმის. ეგ როგორი ტუზია იცი?
  • ტუზი, ტუზი უნდა იყოს. “როგორი ტუზი” რა გამოთქმაა?
  • აი, აგიხსნი. იცი, როგორი ტუზია? აი, კალოდაში რო დაიკარგა და ბოლოს მაინც კოზირად გამოვა.
  • ვა? რა ქურდულადა თქვი.
  • ეგრეა, კაპელო თავის ამბავში ქურდია.
  • და რატომ დაემართა ეგ ამბავი?
  • ვის არ დამართნია. ერთი ჩაუვარდა, სხვა რა?
  • ჰო, მაგრამ ყველგან კარი მოუხურეს.
  • ახლა ისეთი დროა, კარს კაი ხალხს უხურავენ.
  • ისე, ყასაბსა ჰგავს.
  • აბა ,კაი ბიჭი ჯონი დეპია, მაგრამ ფეხბურთი არ იცის.
  • “ბარსელონას” რა უნდა უშველოს?
  • დაუჭერს ვინტებს.
  • ვინტებდაჭერილი “ბარსელონა” რაღა “ბარსელონაა”?
  • რატომ?
  • სილაღეს დაკარგავს.
  • ისე კაპელო ჯერ ვერ მივიდა გუნდში.
  • არ შეუშვეს?
  • არა, ვან გაალი ჯერ არ წამოსულა.
  • როგორ არ წამოსულა, გაუშვეს.
  • ჰო, მაგრამ ჯერ კონტეინერები არ მოსულა.
  • კონტეინერები? რისთვის?..
  • ვან გაალის რვეულების წასაღებად.
  • ამდენი მოუგროვდა?
  • უჰ, თორმეტი ტონა.
  • რა უწერია შიგ?
  • არავინ იცის.
  • შენ რომ ამბობ, კაპელოს ერთი ჩაუვარდა, ვან გაალსაც ხომ ერთი ჩაუვარდა?
  • ის სხვა ჩავარდნაა.
  • არაფერი სხვა არ არის. შენ ვან გაალი არ გიყვარს.
  • მე არ მიყვარს, როცა კაცი ქალაქიდან ქალაქში დადის და თან ერთი დუჟინი მოთამაშეები დაჰყავს. ცირკია, თუ ფეხბურთი?
  • ესე იგი, შენ ევროკავშირის წინააღმდეგი ხარ.
  • არა, მე მინდა, რომ ვინსტონ ბოგარდი “აიაქსს” დაუბრუნდეს.
  • თუ “გრააფსხაპს”?
  • არა მგონია, დღევანდელი “აიაქსი” უკეთესი იყოს.
  • აი, მორტენ ოლსენი რომ დაგვენიშნა “ბარსას” მწვრთნელად?
  • სხვათა შორის, არ იქნებოდა ურიგო.
  • რას ამბობ?
  • იჯდებოდა და უყურებდა რას დააშავებდა?
  • კაპელო რაღას დააშავებს?
  • ყოველ შემთხვევაში, მეტი გადაშავება შეუძლებელია.
  • და გაზა?
  • გაზა რაღა შუაშია?
  • ბოგარდი თუ “გრააფსხაპში”, გაზა სადღა?
  • შენ ამბობ, რომ რაიციგერი არ არის თავის ადგილზე და გაზა თავის ადგილზეა?
  • მე ვამბობ, რომ თამაშის დროს მწვრთნელი იმდენს არ უნდა წერდეს, რომ თამაშს ვეღარ უყურებდეს.
  • კონტეინერებზე ამბობ?
  • იმ კონტეინერში მთელი სურინამი ჩაეტევა.
  • და სად წავა?
  • სადმე. რვეულებთან ერთად. იპოვნიან გზას.

12.12.1998

წილი
წინა სტატიაბიჭი ვანიდან
შემდეგი სტატიააზარი — ევროპის საუკეთესო!
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.