ნიკა ნეფარიძე 22 წლის ქართველი მორაგბეა, რომელიც საფრანგეთში მესამე სეზონს ატარებს. შერკინების პირველ ხაზში, მარცხენა ბურჯის პოზიციაზე მოასპარეზე ყოფილი „უმცროსი ბორჯღალოსანი“ ორი წლის განმავლობაში პროფესიულ ოსტატობას სახელოვანი ფრანგული კლუბის, „კლერმონის“ მომზადების ცენტრში იმაღლებდა, გასულ ზაფხულში კი ბედის ცდა პროფესიონალებშიც გადაწყვიტა და გადავიდა საფრანგეთისვე რანგით მეორე ლიგაში, პრო დ 2-ში. ნიკა ნეფარიძის ახალი გუნდი „ვანი“ იგივე სახელწოდების ქალაქშია ბაზირებული, რომელიც საფრანგეთის ჩრდილოეთ-დასავლეთის რეგიონ ბრეტანში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს.

პროფესიულ დონეზე ნიკას დებიუტი პრო დ2-ის მიმდინარე ჩემპიონატის მე-3 ტურში შედგა, როცა „ნევერთან“ ბოლო ნახევარი საათი ითამაშა. ნეფარიძე შეცვლაზე მომდევნო ტურშიც შეუშვეს და ორივე შემთხვევაში მან მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. „ვანის“ ოფიციალურმა საიტმა ახალგაზრდა მორაგბეს ეფექტური გამოსვლა დაუფასა და მასთან ინტერვიუც ჩაწერა, რომელიც „სარბიელის“ მკითხველისთვის ვთარგმნეთ..

ნიკა ნეფარიძე ამ ზაფხულში კლერმონ-ფერანიდან ვანში ჩამოვიდა. „კლერმონის“ ესპუარების შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონმა მალევე გაითავისა პრო დ2 – „ნევერთან“ და „პროვანსთან“ დაპირისპირებების მეორე ტაიმში შესანიშნავად ითამაშა.

– ნიკა, მოგვიყევით, რა ასაკში დაიწყეთ რაგბის თამაში და ვინ იყო თქვენი პირველი მწვრთნელი.

– ვარჯიში საქართველოში, ჩემს სკოლაში 11 წლისამ დავიწყე. შემდეგ, 17 წლის ასაკში თბილისის „ლოკომოტივს“ შევუერთდი, ჩემი ქვეყნის ფლაგმან კლუბს, საიდანაც მალევე მოვხვდი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში. 17-წლამდელებში დავიწყე და 20-წლამდელებში დავამთავრე. ვარ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. თავდაპირველად შერკინების მესამე ხაზში ვთამაშობდი, მაგრამ ბოლო ასაკობრივ ნაკრებში ბურჯი გავხდი და ეს ამპლუა საბოლოოდ ჩემი გახდა. თითქმის ყველაფერი, რაც რაგბში ვიცი, ჩემმა მწვრთნელებმა მასწავლეს – ბატონებმა სერგო ბერიაშვილმა და გიორგი კურატიშვილმა.

– რამ გადაგაწყვეტინათ საფრანგეთში ჩამოსვლა?

– ეს სამ შერუკის („კლერმონის“ ესპუარების ყოფილი და საფრანგეთის ქალთა ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი) დამსახურებაა. ინგლისში, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მე და ოთარ გიორგაძე შეგვნიშნა და „კლერმონის“ მომზადების ცენტრში მიგვიწვია. ჩვენთან შესახვედრად, გასაცნობად და კონტრაქტის გასაფორმებლად თბილისში მომზადების ცენტრის მენეჯერი ჟულიენ ლაკური ჩამოვიდა. ცხადია, ვიცოდით, რაცაა „კლერმონის“ მომზდების ცენტრი და დაუფიქრებლად დავთანხმდით. მე და ოთარი სხვა სამყაროში აღმოვჩნდით, მაგრამ ფანტასტიკური დახვედრა მოგვიწყვეს და გუნდში ინტეგრირება მალევე შევძელით. მე და ოთარი ერთად დავბინავდით, მომზადების ცენტრის სხვა მოთამაშეებთან ახლო კონტაქტმა და ფრანგული ენის გაკვეთილებმა როგორც ფრანგულ რაგბთან, ისე ფრანგულ ყოფასთან ადაპტირება გაგვიადვილა.

– როგორი იყო თქვენი დებიუტი „კლერმონში“?

– მომზადების ცენტრის წევრი ვიყავი და ესპუარების გუნდში ვთამაშობდი. ფიზიკურად ძალიან ბევრს ვმუშაობდი, კუნთებს ვიმაგრებდი, მაგრამ ამავდროულად თამაშის ჩემთვის უჩვეულო სიჩქარეებთან შეგუებაც მომიხდა. ბევრი ვიშრომე და დიდი პროგრესიც განვიცადე. ასევე, დიდი სამსახური გამიწია „კლერმონის“ პროფესიონალთა რჩევებმა, ხოლო დავით ზირაქაშვილმა სულაც პატრონაჟი გამიწია. შერკინებაში თამაშის ნიუანსებს და საიდუმლოებებს მაზიარებდა, ერთად ვვარჯიშობდით, ხშირად ერთად ვსადილობდით. შედეგიც მოვიდა – წლეულს საფრანგეთის ესპუართა ჩემპიონატი მოვიგეთ, ფინალში „პო“ დავამარცხეთ. ეს პერიოდი დაუვიწყარია ჩემთვის.

– „ვანში“ გადმოსვლა რამ განაპირობა?

– მსურდა, ძალები პროფესიონალებს შორის მომესინჯა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ „კლერმონის“ შემადგენლობაში ტოპ 14-ში თამაშის შანსი არ მექნებოდა. სამ შერუკმა და ქსავიე სადურნიმ „ვანი“ მირჩიეს და მათვე დამაკავშირეს ამ კლუბთან. ვანში შევხვდი ჟან-ნოელ სპიცერს, გავიარე სამედიცინო შემოწმება და გუნდმა მაშინვე მომხიბლა. ისევე, როგორც „კლერმონში“, ინტეგრაცია აქაც ძალიან კარგად გავიარე. ახალი თანაგუნდელების რჩევებმა და სენ-ლარიში გავლილმა შეკრებამ ყველა სირთულე მნიშვნელოვნად გამიადვილა.

– რას იტყვით პრო დ2-ის დონეზე?

– ესპუარების ჩემპიონატზე ბევრად რთულია, დიდ შრომას მოითხოვს. მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ, ბიჭებმა შესანიშნავად მიმიღეს, მუდამ ცდილობენ, რჩევებით დამეხმარონ. სხვა, უფრო მაღალი ტემპია და მეც ყველაფერს ვსწავლობ.