მასპინძელთაგან სტუმრების გვემით დაიწყო იტალია-ბულგარეთში ფრენბურთის მსოფლიო ჩემპიონატი. რომში, გაიტალიელებული რუსის, ივან ზაიცევის კაპიტნობითა და დიაგონალზე ყუმბარისებრი დარტყმებით აპენინელებმა მზე დაუბნელეს ამომავალი მზის ქვეყნელებს, რაშიც 11 000-კაციანი პუბლიკის წილი მცირე არ იყო. უმაღლეს გვამთაგან თამაშს ესწრებოდნენ იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჯოვანი მალაგო და ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის ბრაზილიელი პრეზიდენტი, დოქტორი არი და სილვა გრასა ფილიო (შემოკლებით: არი გრასა). საზოგადოებამ დიდად ისიამოვნა მსოფლიო პირველობის როგორც გახსნის ცერემონიალით, ასევე უშუალოდ თამაშით, სადაც იაპონელები ლომებივით იბრძოდნენ, მაგრამ ეს იყო ბრძოლა სამურაის ხმლით ზარბაზნის წინააღმდეგ, სადაც გამარჯვებული თავიდანვე იყო ცნობილი.

“ფორო იტალიკოზე” თავმოყრილი ქომაგი მასპინძელთა პირველ გამარჯვებას სავსე გულით და ტრიბუნებით შეეგება. ფოტო: italy-bulgaria2018.fivb.com

კიდევ უმაღლეს გვამებზე: ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი და სპორტის მინისტრი კრასენ კრალევი თავს მხიარულად გრძნობდნენ ვარნაში, სპორტის და კულტურის სასახლეში, სადაც ბულგარეთის ნაკრებმა 4500 ქომაგის მხარდაჭერით ასევე ადვილად განსაჭვრეტი გამარჯვება მოიპოვა ფინეთთან.

ენთუზიაზმი ბულგარელ ქომაგებსაც არ აკლდათ. ფოტო: italy-bulgaria2018.fivb.com

ბელგიამ არგენტინას 3:1 მოუგო. ამ ამბავში სენსაციის ძიება არ ეგების, ორივე ქვეყანას ღონიერი ნაკრები ჰყავს, მაგრამ არგენტინელთაგან უეჭველად უკეთესი თამაში იყო მოსალოდნელი. ევროპის ჩემპიონმა პოლონეთმა ერთი პარტია კი დაუთმო კუბას, მაგრამ დამაჯერებელ გამარჯვებას ვერავინ დაამადლის. დანარჩენ შეხვედრებშიც თვლემა სუფევდა, ძლიერთაგან (რუსეთი, საფრანგეთი, კანადა, ირანი) ზოგმა მშრალი ანგარიშით მოიგო, ზოგმაც კინკილა სეტი დათმო. პირველი ტურის გვირგვინი კი აშშ-სა და სერბეთის თამაში გამოდგა, სადაც ბრძოლას ელოდნენ და იხილეს კიდეც.

პირველ პარტიაში მსოფლიო ფრენბურთის გიგანტები მოწაფეებს ჰგავდნენ. სერბები მეტოქეს აღემატებოდნენ ყველა კომპონენტში და 25:16 ამ გამოთქმის დასტურია. მეორე პარტიაში ამერიკელებმა დაცვაში თამაშის ხარისხს უმატეს, სერბებმა კი – შეცდომებს და 25:14. ბალკანელებმა დროულად მოისაზრეს და მესამე პარტიაში ბლოკის უკეთ შეკვრა მოახერხეს, ხოლო დარტყმებს მეტი სიზუსტე შესძინეს (25:21), მაგრამ მეოთხე პარტია ისევ იანკებს დარჩათ (25:20), რამაც ტაი-ბრეიკის აუცილებლობა წარმოშვა, სადაც სერბები მდევრებად დარჩნენ პირველიდან ბოლო ბურთამდე (10:15).

სატურნირო მდგომარეობა პირველი ტურის შემდეგ

ჯგუფი A

ნაკრებითამაში (მოგება-წაგება)პარტია (მოგება-წაგება)ბურთები (ჩაგდებული-მიღებული)ქულა
იტალია5-015-2423-32615
ბელგია3-211-8419-39410
სლოვენია3-212-10479-4639
არგენტინა2-310-11475-4696
იაპონია2-38-11414-4275
დომინიკის რესპუბლიკა0-51-15267-3980

ჯგუფი B

ნაკრებითამაში (მოგება-წაგება)პარტია (მოგება-წაგება)ბურთები (ჩაგდებული-მიღებული)ქულა
ბრაზილია4-113-6439-40511
ჰოლანდია4-112-8455-42011
საფრანგეთი3-213-7456-42011
კანადა3-211-7426-4089
ეგვიპტე1-44-13368-4263
ჩინეთი0-53-15375-4400

ჯგუფი C

ნაკრებითამაში (მოგება-წაგება)პარტია (მოგება-წაგება)ბურთები (ჩაგდებული-მიღებული)ქულა
აშშ5-015-5456-38313
სერბეთი4-114-7476-43012
რუსეთი3-212-6422-36610
ავსტრალია2-39-11428-4427
კამერუნი1-44-12334-3983
ტუნისი0-52-15317-4140

ჯგუფი D

ნაკრებითამაში (მოგება-წაგება)პარტია (მოგება-წაგება)ბურთები (ჩაგდებული-მიღებული)ქულა
პოლონეთი3-015-3445-34315
ირანი4-112-7437-40011
ბულგარეთი3-211-6395-3689
ფინეთი2-39-12453-4716
კუბა1-46-13392-4363
პუერტო-რიკო0-53-15331-4351