ძმებო, ფეხბურთის გიჟებო!

ორი რამაა ჩართული ამ ამბავში – წარსული და ჟურნალისტის ხელობა. წარსული ისეთი რამ გახლავთ, რომ კაცი ხეირიანად ვერ აღიდგენ თვალწინ. ჟურნალისტის ხელობა კი იმგვარი პროფესიაა, რომ სილამაზის დედოფალსაც კი ნაკლი უნდა აართვას.

მთელი ევრო 96-ის განმავლობაში ამ ოხერ სვეტს გთავაზობდით და ვცდილობდი არ გამემჟღავნებინა, ვისი ჩემპიონობა მსურდა (ისევე, როგორც თქვენ, მეც ვიღაცას „ვბალეშჩიკობდი“). ახლა ამის დამალვას აზრი არა აქვს – ინგლისელების მხარეს ვიდექ და გულდამწვარი დავრჩი.

ფეხბურთი ასეთი რამ არის და ამის გამო თავის მოკვლა არ ეგების.

მეტსაც გეტყვით, რაც თავი მახსოვს, სულ კუნძულელების მხარეს ვარ და ჩვენს გულშემატკივართა წრეში ასე იყო მიღებული, რომ ანგლომანებს აქილიკებდნენ – თქვენი ფეხბურთი ვჭამეთო, ამას უფრო ახირებად უთვლიდნენ ხალხს, ვიდრე ფეხბურთის და გუნდის სიყვარულად.

თბილისის „ბალეშჩიკების“ თემი ხომ უბნებად არის დაყოფილი და ეს უბნები მუდმივად ხითხითებენ ერთმანეთის გამო.

ინგლისელთა თაობაზე ქალაქურ „საბალეშჩიკო“ ფოლკლორს შემონახული აქვს ამბავი მათი ტყუილი ჩემპიონობის და ფიფას პრეზიდენტ სერ სტენლი როუზის ოღრაშობის გამო. ის ერთადერთი ჩემპიონობაც ინგლისს არ ეთვლება, იმისთვის, რომ თურმე ჯერაც არ გარკვეულა, ჯეფრი ჰერსტის დარტყმული ბურთი ხაზს იქეთ დაეცა, თუ ხაზს აქეთ.

ინგლისური ფეხბურთისადმი უსიმპატიოდ განწყობილი ქომაგები ამ ფოლკლორს აფიქსირებენ ჟურნალისტურ დარგებშიც და დაბეჯითებით იმეორებენ: ოცდაათი წლის წინ ინგლისს მიუდგნენ როგორც მასპინძელსო. დიახაც, ასე იყოს. ინგლისს ხომ წელსაც მიუდგნენ ესპანელებთან, როგორც მასპინძლებს. ფეხბურთში და მის სიყვარულში ხომ ეს გახდა მთავარი, ვინ ვის მიუდგა.

მე ინგლისს მაინც ვქომაგობ და ახლა გეტყვით იმას, რისი თქმაც ძალიან არ მინდოდა, რადგან საფეხბურთო ჭორაობას თვითონ ფეხბურთი მირჩევნია.

ძმებს, არგენტინის მოყვარულებს ვეუბნები: ძალიან მიყვარს თქვენი ფეხბურთი, სამხრეთში ჩემთვის არგენტინაა. დიეგოს ფოტო თავთან მიკიდია და მენოტისთანა კაცი ცოტა მგონია საფეხბურთო ქვეყანაზე. ამიტომ – ამ ერთხელ (მდგომარეობის გათვალისწინებით) არ გამინაწყენდეთ. ეს ერთი წაჭორავება შემინდეთ.

ჯეფრი ჰერსტის გოლი ხაზს აქეთ დაეშვა. „ღმერთის ხელით“ გატანილი ბურთი კი ზუსტად შევარდა კარში. ხომ ასეა? ახლა არ დამიწყოთ, არგენტინა ინგლისს ჯობდა 86-შიო. ვიცი, ბრმა არა ვარ, მაგრამ „ღმერთის ხელი“? აბა, ვილაპარაკოთ, 66-ში ინგლისი სჯობდა თუ გერმანია?

ეგეც არ იყოს და ცნობილი ამბავია. გენერალ ვიდელას ხუნტამ ფქვილის ხელშეკრულება და საბანკო რამე-რუმეები რომ გაუყინა პერუს. ამაზე ვილაპარაკოთ? თამაშის დღეს გაუყინა. მეორე დღეს გაულღო. არ მინდოდა ამის თქმა – ეს ყველაფერი ძალიან ყვითელი ამბავია და ქომაგები თამაშზე უნდა ვლაპარაკობდეთ და არა ასეთ რამეებზე, მაგრამ აღარ გათავდა და რა ვქნა?

არანაკლებ ცნობილი ამბავია (თავისთავად საუცხოო ანეგდოტი), რომ არგენტინა – პერუს თამაშის შემდეგ ტარანტინის შარდში ფეხმძიმე ქალის შარდისთვის დამახასიათებელი ელემენტები უპოვნიათ. ანდა, ნადოპინგარი ორტისი თამაშის შემდეგ ერთ საათს კიდევ დარბოდაო.

ასეთი ამბავი უამრავი არსებობს. თამაში არ არის, რომ რაღაც არ იყოს ისეთი, მაგრამ ახლა მე იმაზე ვილაპარაკო, მარადონა და პოლ მერსონი რამდენ კოკაინს ყნოსავენ, თუ 78-ის ზღაპრული არგენტინა გავიხსენო? გაზას ქალები ვითვალო, თუ გაზას გოლები?

ასე მგონია, რომ ფეხბურთი სუფთაა, მის გარშემო მოტრიალე კარუსელი კი ჭუჭყიანი. ჩამოვხტეთ კარუსელიდან და ვუყუროთ თამაშს, თორემ ჰერსტმა დაარტყა და „ღმერთმა ხელიც“ თან მოჰყვა.

მოგონილი გოლებით ჩემპიონები ხომ არ არსებობენ – ჩემპიონები თამაშით ხდებიან.

31.08.1996

წილი
წინა სტატიამარსიალს უფრო ადრე გააგდებენ თუ მოურინიუს?
შემდეგი სტატიამარადონა მექსიკის ნაცვლად გვატემალაში ჩავიდა. კი მაგრამ, ბელარუსი?..
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.