„დორადოს დე სინაოლა” ან უბრალოდ „დორადოსი” მექსიკის ქალაქ კულიაკანის გუნდია, რომელიც Ascenso MX-ში ანუ მეორე პროფესიულ ლიგაში გამოდის და რომელსაც ამიერიდან დიეგო მარადონა გაწვრთნის. რანაირად უნდა შეუხამოს დიდმა დიეგომ ბრესტის „დინამოს” თავმჯდომარეობას „დორადოსის” მწვრთნელობა არ ვიცით, მაგრამ ალბათ რამეს მოახერხებს.
მარადონა თავის ახალ გუნდში ამ დღეებში უნდა ჩასულიყო და პირველი ვარჯიშიც უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ადმინისტრაციული მიზეზების გამო ეს ვერ მოახერხა — ქაღალდების მოსაგვარებლად მას მეზობელ გვატემალაში მოუხდა გამგზავრება. სამაგიეროდ, ახლა ხელ-ფეხი ხსნილი აქვს და შეუძლია ახალ გუნდს ორშაბათს „კაფეტალეროს დე ტაპაჩულას” წინააღმდეგ უხელმძღვანელოს.
გვატემალაში მარადონას ადვოკატი მატიას მორლა გაჰყვა — სამუშაო ვიზის ასაღებად ხუთი დღე ყოფილა საჭირო და ვერ მოესწრო. ლეგენდას „დორადოსში” პარასკევს ელოდებიან.
არადა, „დორადოსში” დიეგოს პრეზენტაციას მთელი ქალაქი დაესწრო და ხალხს ერთი სული ჰქონდა არგენტინელი ოთხშაბათს სავარჯიშო მოედანზეც ეხილა. მარადონას არყოფნაში გუნდი ასისტენტმა მარიო გარსიამ ავარჯიშა.