ოსკარ დე ლა ჰოია დღევანდელი მსოფლიო კრივის უძლიერესი მებრძოლია. მის შესახებ ბევრსაც წერენ და მისი საქმენიც ცნობილია. დაუმარცხებელ ჩემპიონს (28-0) გადაუწყვეტია ხუთი წონის ტიტულები მოიგოს. ამ ჯერზე ის ველთერის წონაში (148 ფუნტი) პირველობს და ახლა სურს ველთერის მცირე (140 ფუნტი) წონის განთქმულ ვიცე-ჩემპიონს, რუს-კორეელ-ავსტრიელ კოსტია ძიუს შეხვდეს. ძიუს თავად გადაუწყვეტია შვიდი ფუნტის მომატება და ველთერში აბარგება. წონით თამაში, რაც ასე გავრცელებულია ველთერსა და ქვემო წონებს შორის, დე ლა ჰოიასთვისაც არ არის უცხო.
დე ლა ჰოია ნელ-ნელა იმატებს წონას და ის დასახული მიზნისკენ მიდის, მსუბუქიდან – საშუალოსკენ.
დე ლა ჰოია ჭკვიანია და ინტელიგენტური იერის ბიჭია, 25 წლისა მოყრილა და არქიტექტორობაზე ოცნებობს. ჩვენთვის კი საინტერესო უნდა იყოს, თუ როგორ ატარებს ვარჯიშის დღეებს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ოსკარი.
მოქმედების ადგილი: ბიგ ბეა, კალიფორნია, ლოს ანჯელესიდან ორსაათნახევრის სავალზე წარმართული ბერნარდინოს მთები.
აქ, ერთ-ერთი ბრძოლისთვის ემზადება ოსკარ დე ლა ჰოია. ის ბერივით ცხოვრობს. კრივში ასეა, გამარჯვებას და დიდ ხელფასს კარჩაკეტილი, მოუღლელი და მშვიდი ყოფა სჭირდება. სხვანაირად არაფერი გამოვა. ვარჯიში არ ნიშნავს აუცილებლად გამარჯვებას, მაგრამ ვარჯიში და რეჟიმი მთავარია. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ნიჭსა და ტაქტიკაზე ლაპარაკი.
დილა
7 საათი: დე ლა ჰოაია დგება, შხაპს იღებს და იმოსება. ჩაცმა საგანგებო სჭირდება, რადგანაც გარეთ თოვლია და გვარიანადა ყინავს, საზამთრო პიჟამო და ფეხსაცმელი, სქელი, ნაქსოვი ქუდი და ქურთუკი. ეს ყველაფერი თბილი, მაგრამ მსუბუქი უნდა იყოს, რადგან ოსკარს აღმართებში მოუწევს სირბილი.
მოკრივე ქუჩაში გამოდის. დიდი კოპწია ვინმე არ გახლავთ. ეს ამ სავარჯიშო დღეებშიაც კარგად ჩანს – მის ბანაკში სულ მამაკაცები არიან. არავინ ზრუნავს ფასონსა და ფერთა გამაზე. პრინციპში, სახლიც, საგანგებოდ მისთვის ნაქირავები კოტეჯი, დასალაგებელია. ერთი, კარგი ჰაუსქეიფერი არ აწყენდა, მაგრამ ოსკარი ამაზე არ ფიქრობს. ჯერჯერობით მარტოხელაა და მთლიანად კრივს უძღვნის თავის დროს.
7 საათი და 30 წუთი: ჯო პახარი, ოსკარის ბავშვობის ძმაკაცი მანქანას ქოქავს და იმ კოტეჯისკენ მიდის, სადაც ოსკარი ცხოვრობს. ჯოს რობერტო ალკასარი უზის გვერდით, დე ლა ჰოიას მწვრთნელი. გარშემო თოვლია. ოსკარი მანქანაში ჯდება, სალამს ამბობს და ყველანი მთებისკენ მიეშურებიან. გზად ჩემპიონი ახალ საკრივო ჟურნალებს ათვალიერებს.
7 საათი და 45 წუთი: დე ლა ჰოია მანქანიდან გადმოდის და ძუნძულით შეუყვება აღმართს. მთელს ნახევარ საათს ასე დარბის, მერე კი ორწუთიან სპრინტზე გადადის.
8 საათი და 17 წუთი: თავდაღმართში მომავალი ოსკარი მსუბუქ საკრივო მოძრაობებს აკეთებს. თითქოს, თავს ირთობს, “ბემ! ბემ!” სიჩუმეში მისი შეძახილები ისმის, სახე სულ ოფლიანი აქვს. შემდეგ ის და ჯო დიდ თოვლის გუნდებს აკეთებენ და დაღმართში აგორებენ.
8 საათი და 30 წუთი: დე ლა ჰოია შინაა. კვლავ შხაპი, ახალი ტანსაცმელი. ჯო კვლავ საჭესთანაა, საუზმობის დრო მოსულა.
9 საათი: საუზმე “შუგარ ბეას” რესტორანში, სუფთა, მშვიდ ადგილას. არავითარი ფუფუნება: თეთრი ხელსახოცები და ხის მაგიდები. მიმტანი გოგო კრისტა საუკიდო მეტად მომხიბვლელი ვინმეა და დე ლა ჰოიას ისე ექცევა, თითქოს ეს უკანასნკლიე მრისხანე ჩემპიონი კი არა, ბავშვი იყოს.
“იცი რა უნდა მიირთვა დღეს?” – ეკითხება კრისტა და პასუხსაც არ ელოდება. დე ლა ჰოია კი გავაზე წაუთათუნებს ხელს.
მისი საუზმე მსუყეც არის და არც არის მსუყე. რძე, ნახევარი ლიტრი ფორთოხლის წვენი, ხუთი მოხარშული კვერცხი, ბოსტნეული და ბეკონი.
“არ მინდა ამდენის ჭამა”, – ამბობს ოსკარი – “ბეკონი საშინლად მძიმე დასაძლევია, მაგრამ რახან თანდათან ვიმატებ წონაში, ამიტომაც მტენიან ცხიმით”.
საუზმობისას მსუბუქი საუბარი მიმდინარეობს.
ოსკარს ერთი კარიერაწამხდარი მოკრივე ახსენდება, რომელთან ერთადაც შეერთებული შტატების ოლიმპიურ გუნდში გამოდიოდა და რომელიც უიღბლო პროფესიონალი შეიქნა.
“მისი დახმარება ვცადე”, – მოიწყენს დე ლა ჰოია – “მაგრამ არაფერი გამომივიდა. მას ეზიზღება დახმარება”, ჩემპიონის სიტყვებში არანაირი ღვარძლი არ არის. ის, უბრალოდ, ამბავს ყვება, როგორც მითხრა, ბევრ ადამიანს აღიზიანებს სუპერვარსკვლავი, რადგან მისი არსებობა საკუთარ უიღბლობას ახსენებს.
ფორთოხლის წვენს რომ წრუპავს, ოსკარი საკრივო ჟურნალ “ქეიოს” ათვალიერებს. იქ მასზეა დაბეჭდილი სტატიაა.
“ყოფილა ვინმე ზედიზედ ორჯერ წლის საუკეთესო მოკრივე?” კითხულობს ის. “ქეიომაც” და “რინგმაც” ამ ჟურნალების ისტორიაში პირველად მას მიაკუთვნეს ზედიზედ წოდება. უარყოფითი პასუხი თითქოს ახარებს ოსკარს, ის თავს გადაიქნევს, ორიოდე ვიტამინის აბს ჩაყრის რძიან ჭიქაში და სწრაფად სვამს. მერე საუზმის საფასურ ჩეკს წერს და დგება.
9 საათი და 45 წუთი: დასვენების ჟამი დამდგარა. დე ლა ჰოია უკვე შინაა. ტელევიზორის წინ, დივანზე წამოგორებულა და ხელში პულტი უჭირავს, უყურებს და არც უყურებს ტელევიზორს. თუმც ამგვარი კოტრიალი კარგახანს გრძელდება.
ჩემპიონის დილაც აქ მთავრდებ. მერე ყველაზე დატვირთული ჟამი, შუადღე მოდის.
შუადღე
პირველი საათი და 45 წუთი: დე ლა ჰოია სავარჯიშო დარბაზში შედის. იქ მას უკვე ელის ალკასარი, რომელიც თორმეტი წელიწადია ოსკარის მწვრთნელია. სავარჯიშო დარბაზი ამ სახლის გარაჟის ახლოს მდებარეობს, რომელიც ბიგბეაში ყოფნისას მოწონებია ოსკარს და რომლის ყიდვასაც აპირებს.
სახლი დიდია, ქვით ნაშენი, მანსარდებითა და მინით გაწყობილი სახურავებით.
დარბაზი სუფთა და თანამედროვეა, აქ ყოველგვარი საკრივო მოწყობილობა მოუტანიათ: ორი მძიმე ტომარა, ორი სისწრაფეზე სამუშაო ტომარა, სარკეები ჩრდილებთან ბრძოლისთვის და სტანდარტული ზომის რინგი. ტრადიციისამებრ, კედლებზე პლაკატებია გაკრული, მათზე ოსკარის საგმირო საქმენია აღბეჭდილი.
დე ლა ჰოიას სპარინგ-პარტნიორები, დამხმარენი და ძმა, ჯოელი ელიან. ლათინური მუსიკის ხმა მოისმის. რა გასაკვირია? ვიღაცას “სიდი” მოუტანია. აქ ყველანი ლათინოსები არიან და ამის გარეშე რავის შეუძლია. მთელი ვარჯიში ამ ჰანგების თანხლებით მიმდინარეობს.
2 საათი და 45 წუთი: უშუალო საკრივო ვარჯიში ამ დროს იწყება. ალკასარი ფრთხილად ახვევს ბანდებს ოსკარის მტევნებს. მისი თითები პიანისტსაც შეშურდებოდა, ამბობს პახარი, მწვრთნელი კი ძალიან ფრთხილობს. ცუდად გადახვეული მტევნები ტრავმის საწინდარია. ყველაზე სახიფათო კი მოკრივესთვის, ხელის ტრავმაა.
3 საათი: ოსკარი რინგზე ადის და შორიახლოს დამონტაჟებული სარკისკენ იცქირება. ასე იწყება ჩრდილებთან ბროძლა, მუშტების ქნევა არარსებული მოწინააღმდეგის თავპირისკენ. ნამდვილი მოძრაობა, ნამდვილი დარტყმა, ნამდვილი უკანდახევა, ომი ჰაერთან.
სანამ ოსკარი ჩრდილებს ებრძვის, ალკასარი კალიფორნიის სავარჯიშო დარბაზებში გავრცელებულ ჭორს მიყვება. თურმე აქ ხმა დადის, რომ დე ლა ჰოიასა და ლეგენდარულ მექსიკელს, ხულიო სეზარ შავესს ერთობლივი ვარჯიში და სპარინგი ჰქონიათ, რომლის დროსაც შავესს ნოკაუტში ჩაუგდია ოსკარი.
“სისულელეა”, – ამბობს ალკასარი – “სპარინგი მართლაც იყო, მაგრამ უფრო ღლაბუცი ეთქმოდა. ოსკარი თავად გაიშხლართა ხალიჩაზე”.
არადა, ოსკარს ორჯერ სასტიკად დაუმარცხებია ასი ბრძოლის მომგები დიდი მექსიკელი.
პირველი შერკინების დროს შავებსს იმდენი სისხლი გასდინდა, რომ ამ დამსახურებული კაცის ყველა მეტსახელი დაივიწყეს და “ბლადიბოი” (სისხლიანი ბიჭი) შეარქვეს.
თანაც, სპარინგი შვიდი წლის წინათ ყოფილა, როცა ოსკარი ჯერ კიდევ მოყვარული იყო, შავესი კი ჯერაც ჩემპიონი, რომელიც ნუ იტყვით და თვრამეტუნციანი ხელთათმანებით გამოსულა სასპარინგოდ.
რინგიდან კი ოსკარის შეძახილი ისმის: “ბემ! ბემ!”
“შეხედე ამ ჯებებს”, – ამაყობს ალკასარი – “ვინ დაუდგება წინ?”
3 საათი და 18 წუთი: დე ლა ჰოია თვრამეტწუთიან უწყვეტ ჩრდილებთან ომს წყვეტს და ღიმილით ამბობს: “არ სცადოთ ეს სახლში, სარკის წინ, დაიხოცებით”.
3 საათი და 19 წუთი: ოსკარი თორმეტუნციიან ხელთათმანებს მოირგებს და პირველ სპარინგ-პარტნიორს იწვევს რინგზე. ამ ბიჭს ჯოვანი სერვანტესი ჰქვია. თითო პარტნიორი ორ-ორ რაუნდს შეებრძოლება ოსკარს. დე ლა ჰოია ხისტად ჩხუბობს. მაგრამ არ ანადგურებს მოწინააღმდეგეს. ეს ხომ სპარინგია. ის კომბინაციებს ამუშავებს. ეს საუცხოო კომბინაციებია, მაგრამ არც ერთი არ არის სამ-ოთხ დარტყმაზე მეტის შემცველი.
სერვანტესი ჯებით, ჰუკით უტევს, გრძელი ხელები აქვს, მაგრამ ცხვირიდან სისხლი სდის. ალკასარი სპარინგ-პარტნიორებს ხელმძღვანელობს რინგს გარედან. ეძახის, რა დროს როგორი მოიქნიოს. ეს ყველაფერი ოსკარის შესამოწმებლად კეთდება, მაგრამ სერვანტესი ვერაფერს ახერხებს და ოთხმოქნევიანი კომბინაცია საბოლოოდ აწყნარებს მას.
3 საათი და 28 წუთი: რინგზე დანიელ ერნანდესი, “ელ ჩოკოლატე” გამოდის. დე ლა ჰოიას პირველივე ჯები მას ნიშანს ადებს ღაწვზე. ერნანდესს უვლიან და ბრძოლა გრძელდება. “ელ ჩოკოლოტე” ახლო ბრძოლაში შესვლას ლამობს. მაგრამ ორთაბრძოლის ბოლო ოსკარის მარცხენა-მარჯვენა-მარცხენათი ისჯება. ბოლოს ოსკარი მუცელში ამოჰკრავს გემრიელ აპერკოტს.
3 საათი და 46 წუთი: რინგზე მესამე, გელბერტო სარატე ამოდის. დარბაზში კი შორიახლოს მშენებარე სახლის მუშები შემოდიან, რათა ჩემპიონს უყურონ. ასეა როცა იღბლიან ადგილას, იღბლიან დროს მუშაობ. სარატე სწრაფია, დე ლა ჰოია კი თავის მეხუთე და მეექვსე რაუნდებს ჩხუბობს. და მაინც ბრძოლის მიწურულს მისი აპერკოტი სწვდება გელბერტოს.
3 საათი და 55 წუთი: სპარინგი მთავრდება და ოსკარი ერთწუთიანი შესვენების შემდეგ მძიმე ტომარასთან იწყებს მუშაობას. ოთხწუთიანი სერია, რომელსაც მწვრთნელი გაფაციცებით ადევნებს თვალს.
“ბემ! ბემ!” – კვლავ ისმის.
4 საათი: ოსკარი “დაბმულ მსხალთან” მიდის და მრავალგვარ კომბინაციას ატარებს ხუთი წუთის განმავლობაში. ალკასარი აქაც უფროსობს.
4 საათი და 5 წუთი: დე ლა ჰოაია ხელთათმანებს იხსნის და კვლავ ჩრდილებს ეომება.
4 საათი და 10 წუთი: სამუშაო შესრულებულია! ის აბაზანისკენ გარბის და ნახევარ საათს შხაპს ქვეშაა.
სამხრობა
სრულ ხუთ საათზე ოსკარი, პახარი, ალკასარი, ხოელი, გილბერტო, დანიელი და ჯოვანი კვლავ “შუგარ ბეას” რესტორანში მიდიან, რათა პატიოსნად აღსრულებული სამუშაოს შემდეგ კუთვნილი ტრაპეზი მიიღონ.
სამწუხაროდ, კრისტა აღარ არის, ახლა მისი შემცვლელი ემსახურებათ და ოსკარიც მოიწყენს, ვის გაეარშიყოს?
თუმცა, ეს გოგოც ღიმილით დასტრიალებს თავს.
დე ლა ჰოაია ვიტამინიზირებულ, ლიმნიან ჩაის სვამს და მერე შემწვარ წიწილს და ბოსტნეულს მიუჯდება, მაგრამ ის თეფშს არ ასუფთავებს, ყველაფერი განსაზღვრულია. დიეტა მკაცრია, სამაგიეროდ დესერტად ნაყინი და შოკოლადი მოდის. ახლა ექვსი დაიწყო და დღე ისე ჩამთავრდება, ოსკარი ისე წავა დასაძინებლად, რომ ლუკმასაც არ შეჭამს.
ბიგ ბეა წყნარი ადგილია. აქ არ არის საქეიფო ბარები და რესტორნებშიც ყოველთვის იპოვით ადგილს, მაგრამ ოსკარი დღეს აღარ დაბრუნდება “შუგარში”, მისთვის ეს სამხარი სადილიცაა და ვახშამიც, ალკოჰოლი კი ჩემპიონებს ხელს უშლის. შემდეგ ის ქალაქში სეირნობს, კინოს ან ვიდეოს უყურებს და სრულ ათ საათზე შუქს აქრობს საწოლ ოთახში.
დე ლა ჰოია გეგმაზომიერად მიდის წინ. აპირებს რომ ორ წელიწადში ასსამოცფუნტიან წონას მიაღწიოს და იქაც ჩემპიონი გახდეს. ახალი ყაიდის მოკრივეა, უფრო სწორად, ახალი აზროვნებისა. ასეთი “კარგი ბიჭი” დღეს კრივს არა ჰყავს.
ამიტომაც გიამბეთ მისი ოფლისღვრის შესახებ.
3.10.1998