„ბარსელონას” თავდამსხმელი მუნირ ელ ჰადადი 23 წლისა შესრულდა და მის დღეობაზე ქეიფში პოლიციამაც მიიღო მონაწილეობა. არა, პოლიციას არ უქეიფია, თავისი მოვალეობის შესასრულებლად იყო მისული.

მუნირმა დაბადების დღე მადრიდში, „ტიფანის” ღამის კლუბში გადაიხადა — 30 მეგობარი ჰყავდა დაპატიჟებული. როგორც „ელ მუნდო” წერს, ფორვარდს სუფრა თავიდანვე ჰქონდა შეკვეთილი იყო, მაგრამ ქეიფის ბოლოს, როდესაც კლუბმა ანგარიში მიუტანა სადაც 16 ათასი ევრო ეწერა, ფეხბურთელმა გადახდაზე უარი განაცხადა.

მუნირი  ღამის კლუბთან მართლაც წინასწარ ყოფილა გარიგებული, მაგრამ თანხა, რომლის გადახდაც მას მოთხოვეს თავდაპირველზე ორჯერ მეტი აღმოჩნდა. კლუბი ამტკიცებდა, რომ ღრეობამ, რომელმაც მთელი ღამე გასტანა, ფასი მნიშვნელოვნად გაზარდა. მუნირი პროტესტს აცხადებდა. საბოლოოდ, „ტიფანის” პატრონებმა პოლიციას გამოუძახეს და პრობლემაც მოგვარდა — 1000 ევროიანი ფასდაკლების შემდეგ მუნირმა თანხა გადაიხადა.

თავდამსხმელმა კარიერა „ატლეტიკოში” დაიწყო, თუმცა მალევე გადაბარგდა „ბარსელონაში”. ოთხი წლის წინ მან „ბლაუგრანაში”, თავის სადებიუტო შეხვედრაში გოლი შეაგდო. 2014 წელს წარმოშობით მაროკოელი მუნირი ესპანეთის ნაკრებში ათამაშეს, რის გამოც წლეულს, მაროკოს ნაკრებში გადასვლისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიული სამშობლოს სახელით მონაწილეობის ნება აღარ დართეს.

მუნირმა ცოტა ხანი იჯარის წესით „ვალენსიასა” და „ალავესში” დაჰყო, ბოლოს კი „ბარსაში” დაბრუნდა და ამ სეზონში ერნესტო ვალვერდეს გუნდში სამჯერ ითამაშა.