ლეგენდარულმა პოლ გასკოინმა ინგლისის ნაკრების თავკაც გარეთ საუთგეიტს შეუთვალა, ჩემნაირი აღარასოდეს გეყოლებათო. სწორედ გუშინ მოგახსენებდით, რომ საუთგეიტმა მიმდინარე სანაკრებო პრობლემებზე ლაპარაკისას გაზა ბოლო ნახევარი საუკუნის ყველაზე დიდ ინგლისელ ვარსკვლავად აღიარა. ამაზე ყოფილმა თანაგუნდელმა უპასუხა: „გაფხორილი ვინმე არ გეგონოთ, მაგრამ ახალი პოლ გასკოინი ვერავინ გახდება. ეს გამორიცხულია”.

შემდეგ კი „ტოტენჰემ ჰოთსპურის”, „ნიუკასლ იუნაიტედისა” და „ლაციოს” ყოვილმა ფეხბურთელმა თქვა, რომ მისი აზრით ინგლისის ნაკრებს კვლავაც შეუძლია მსოფლიოს უძლიერესი გუნდი გახდეს.

„არ გამკვირვებია როდესაც გავიგე რა ილაპარაკა გარეთ საუთგეიტმა ჩემ შესახებ. თან, მართალი თქვა, ხომ ასეა? მე მართლაც საუკეთესო ვიყავი. ახალი პოლ გასკოინი აღარასოდეს დაიბადება. აღარასოდეს დაიბადება ახალი ბრაიან რობსონი და არც ახალი პელე დაიბადება ოდესმე.

მე ერთადერთი პოლ გასკოინი ვარ და ახალი გასკოინობის მძიმე ტვირთს არავის არასდროს ავკიდებ. სწორად გამიგეთ, გაფხორილი ვინმე არ გეგონოთ, უბრალოდ ეს შეუძლებელია. სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომი 20 წლის განმავლობაში ახალ ჩემნაირს ვერ ვიხილავთ. კარგად ვიცი რა მაგარიც ვიყავი და როდესაც ბურთს მომაწვდიდნენ პრობლემები ქრებოდა.

მოედანზე 90 წუთის განმავლობაში ვერავინ შემედრებოდა. ეს 90 წუთი ჩემი დრო იყო. თავს ლაღად ვგრძნობდი. ერთადერთი რამ მინდოდა — ბურთი ჩემკენ გადმოეგდოთ. უბრალოდ, გადმოეგდოთ და მეტი არაფერი.

როდესაც ვთამაშობდი, არაფრის მეშინოდა. შიშის დაძლევის საუკეთესო ხერხი კი მასთან პირისპირ დადგომაა. როდესაც ჩვენს ნახევარზე ვიყავი, ბურთს ისე ვუფრთხილდებოდი, როგორც ძვირფას ქვას. განა ბრილიანტს ადვილად დაუთმობთ ვინმეს? მეტოქის ნახევარზე კი ფეხბურთელს ბურთის დაკარგვისა არ უნდა ეშინოდეს.

გარეთმა კარგად იცის რა შვილიცა ვბრძანდები. კარგად იცის, რომ ოხერი ვარ, მაგრამ მაინც თქვა, რომ მე ვიყავი ერთადერთი გენიალური ინგლისელი შემოქმედი იმ პერიოდში რაც ის ფეხბურთს უყურებს და ამის მოსმენა ძალიან სასიამოვნო იყო. მე მას აუცილებლად ვეტყვი პირადად, თამაშზე გასვლის წინ, როდესაც ვნახავ.

ძალიან მიხარია დღევანდელ ინგლისის ნაკრებს ასეთი მწვრთნელი რომ ჰყავს. გარეთი ჟინიანი ადამიანია. მას თამაშის თავისი სტილი აქვს და მე ის მომწონს. ერთადერთი, რასაც ფეხბურთელებს ვეტყოდი ის არის, რომ როდესაც გარეთი მოედანზე გასვლას და ინგლისის სახელით თამაშს გთხოვთ, უბრალოდ გადით და საქმეში გული ჩადეთ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, მისი ფაქტორი რომ არ ყოფილიყო, ფეხბურთელები ამდენს ვერც გააკეთებდნენ.

ყველა, ვინც დღეს ინგლისის ნაკრებში თამაშობს, კარგი ფეხბურთელია. თუ უნდათ, რომ უკეთესები გახდნენ, უნდა მოემზადონ, რომ ბურთი მოიხელთონ, შესაფერისი მომენტი იგრძნონ და თავიანთი შანსის გამოყენება სცადონ. გარანტიას ვაძლევ, თუკი ისინი შანსის გამოყენებას შეეცდებიან, მაგრამ ბურთს დაკარგავენ, გარეთი არ გაუბრაზდებათ. პირიქით, ის წააქეზებთ. მას იცით რა წყინს? როდესაც ფეხბურთელები არ აკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ. ის, რაც ვარჯიშებზე გამოსდით.

როდესაც თამაშისთვის ვემზადებოდი, თავზე ყურსასმენებს არ ვიცვამდი. თამაშამდე ორი საათით ადრე ვიწყებდი საკუთარ თავთან ლაპარაკს, საკუთარ თავს ვუმეორებდი რის გაკეთებას ვაპირებდი ბურთით იმ დღეს. მე ყოველთვის მინდოდა ბურთი მქონოდა და მუდამ ბურთთან ახლოს ვიყავი — 10 მეტრში მარჯვენა მცველთან, 10 მეტრში მარცხენა მცველთან… და ჩემი თანაგუნდელების ფიქრებს ვკითხულობდი. ვიცოდი საით გადააწოდებდნენ პასს.

მომავალ თამაშს, მის დაწყებამდე ორი საათით ადრე გონებაში ვთამაშობდი. 18 წლის რომ ვიყავი კვირაში 25 გირვანქას მიხდიდნენ, მაგრამ მე იმ მაისურისთვის ვიბრძოდი, რომელიც მეცვა. დღეს კი ვხედავ, რომ 18 წლის ბავშვებს კვირაში 50 000 გირვანქას უხდიან.

დიახ, ჩემ დროს სხვა ხელფასები იყო, მაგრამ 10 წელიწადში 1 მილიონი ქველმოქმედებაში გავიღე და ამის შესახებ არავისთვის მითქვამს. ხალხს ღამის 4 საათზე დავდგომივარ თავზე და 10 000 გირვანქა მიმიცია.

ისე, ფეხბურთელები ცოტა რისკიანებიც უნდა იყვნენ. როდესაც მომენტს იგრძნობენ, უნდა გარისკონ და თუ რამე არ გამოუვათ, არ უნდა განიცადონ.

ინგლისის ნაკრები ნამდვილად კარგად თამაშობს, ბურთს ფლობს, მაგრამ მეორე მხრივ მთელი დღის განმავლობაში ბურთის ფლობა ყველას შეუძლია. ბოლოს ჩვენი გუნდის თამაში რომ ვნახე, ყურადღება მივაქციე, რომ ისინი ძალიან ხშირად ათამაშებდნენ ბურთს მეკარესთან. მგონი მეკარე ბურთს სხვა მოთამაშეებზე ხშირად შეეხო. ეს სწორი არ არის. ფეხბურთელებმა უნდა შეუტიონ, ხალხი გაახალისონ, გულშემატკივარს სანახაობა უნდა.

მე ამას წლობით ვაკეთებდი”.