… ამოიგმინა სტადიონმა, როცა ბერძენმა არბიტრმა ანასტასიოს პაპაპეტრუმ საფინალოდ ჩასტვინა. მაგრად მოგვაწვნენ ლატვიელები ბოლო წუთებში, რაღაც შტურმივითაც მოგვიწყვეს და ვითარება ძალიან დაიძაბა, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. 1:0 მოვიგეთ. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა შესანიშნავი შედეგით დაიწყო: 2 თამაში, 2 მოგება, 3 გატანილი გოლი, არცერთი მიღებული და მაქსიმალური 6 ქულა. ჯგუფის ფავორიტებიც გავხდით.
მოკლედ, მადლობა უეფას ამ ტურნირის დაარსებისთვის. სწორედ იქ მოვხვდით სადაც ჩვენი ადგილია.
შედეგი შთამბეჭდავია, თამაშის ხარისხი კი… რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს ტოვებს. უკანა ხაზის (მეკარე-მცველები) შეცდომები თვალშისაცემია, ბურთის დაჭერას ვერ ვახეხებთ (საილუსტრაციოდ, ისევ ლატვიასთან ბოლო წუთებს მოვიყვანთ, როცა საკუთარი საჯარიმოდან ბურთი ვერ ამოვიტანეთ), გამტანის აშკარა პრობლემა გვაქვს. ორივე შეხვედრაში იღბლიანობასაც არ უნდა ვემდუროდეთ და რომ არა გიორგი ჩაკვეტაძის ინდივიდუალური ოსტატობა, რა იქნებოდა კაცმა არ იცის.
სხვა მხრივ კი, ლატვიელებთან შეხვედრაც გარკვეულწილად ისტორიული გახლდათ. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ეგიდით ხომ პირველი საშინაო მატჩი ჩაატარა და განსხვავებით 24 წლისწინანდელი ევროდებიუტისა (მოლდოვსთან 0:1) გაიმარჯვა. ეგებ, ეს ამბავი უკეთესის ნიშანიც იყოს.
ამჯერად, ჩვენმა ნაკრებმა თორნიკე ოქრიაშვილის პენალტით მოიგო, რომელიც ჩაკვეტაძემ „მოინადირა“. საინტერესოა, რომ თერთმეტმეტრიანით „ჯვაროსნებმა“ არსებობის მანძილზე მეოთხედ იმარჯვეს – მეორედ ოფიციალურ მატჩში.
ჩვენ კი ისტორიას თვალი გადავავლეთ და ვნახეთ, რომ…
ჩვენებმა პენალტით პირველად იყო 1995 წლის 11 ოქტომბერს, თბილისში, ევრო 96-ის შესარჩევ მატჩში ბულგარეთის ეროვნული გუნდი 2:1 დაამარცხეს. მაშინ ანგარიში შოთა არველაძემ გახსნა პირველივე წუთზე. მეორე ტაიმის დასაწყისში კი კახი გოგიჩაიშვილის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გიორგი ქინქლაძემ გაიტანა. ბოლოსკენ ხრისტო სტოიჩკოვმა ერთი ბურთი გაქვითა და ამისდაკვალად, გამარჯვებისა სწორედ გიოს პენალტი გამოდგა.
ამის გარდა, ჩვენიანებს 1994 წლის მალტის ტურნირზე, მასპინძლებთან გაუმარჯვიათ თემურ ქეცბაიას პენალტით და სულ ახლახან, 2 ივნისს, ავსტრიულ შვაცში, ასევე მალტასთან ამხანაგურ მატჩში, გურამ კაშიას მიერ 89-ე წუთზე გატანილი თერთმეტმეტრიანით.
ლატვიასთან კი ერთადერთი გოლი სწორედ პენალტიდან დარტყმულით ვნახეთ… ჩვენებმა გაიტანეს და თან ისეთ მატჩში, რომელიც უგოლო დასასრულისკენ მიდიოდა…