ოო, დიდებული საღამო გამოდგა, დიდებული…
შემოდგომის მეორე კვირადღე მიილია და სიამოვნებით ხელებსაფშვნეტი ვითარებაა – ხუმრობა ხომ არაა, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, რომელსაც არსებობის მანძილზე რაიმე ღირებულისთვის არასდროს მიუღწევია, ორი მოგება აქვს, თანაც ორ მთავარმეტოქესთან და ჯგუფის მოსაგებად ფაქტობრივად სანახევრო გზა გავლილი აქვს…
განა გახსენდებათ როდესმე ასეთი ვითარება? ვაისის გაწვრთნილი საქართველო ექვსქულიანია და თუკი იმასაც გავითვალისწინებთ რომ მესამე ტურში ანდორას დავუხვდებით, სიხარულის საბაბი ნამდვილად გვაქვს.
ჩვენ ვიცოდით რომ ძნელი მატჩი გველოდა. ჯერ ერთი, ოფიციალურ მატჩებში აქამდე არასდროს დაგვემარცხებინა ლატვია, თანაც ფინელის გაწვრთნილი მეტოქე გუნდი ჩახლართულ-დაცვითი სისტემის მიმდევარია და საკითხავი იყო პირველ ნომრად მოთამაშე საქართველო როგორ მოარღვევდა ბალტიურ ჯებირს…ყოჩაღ ოქრიაშვილს, რომელმაც გვარიანად გვანერვიულა პირველი ტაიმის ბოლოს მიღებული მიკროტრავმით. ცოტა ზედმეტადაც მომეჩვენა ხანგრძლივად უთამაშებელი ოქრიაშვილის მოედანზე ამდენ ხანს შემორჩენა, მაგრამ მან თავისი ჟინით გადამწყვეტი სიტყვა თქვა და მნიშვნელოვან,გადამწყვეტ მომენტში გამარჯვებისა შეაგდო…
და ჩაკვეტაძე? ჩვენ გვინახავს ნიჭიერ, იმედისმომცემთა გაელვებები, მაგრამ ეს ბიჭი სტაბილურობის განცდას ტოვებს – სტაბილურობის, რომელიც ასე უჩვეულოა ქართველი ფეხბურთელისთვის. მიიღებს ბურთს ჩაკვეტაძე და მშვიდად ხარ, იმედიანად, გრძნობ რომ რაღაცას ყოველთვის მოიმოქმედებს და ეს დიდებული შეგრძნებაა.
ყოველთვის ვერიდები შედარებებს, მაგრამ ბოლოს ასეთი შეგრძნება ქინქლაძის დროს მქონდა…
შფოთვის საბაბი კი ძველებურად გვაქვს. მთელი თამაშის მანძილზე და მის შემდეგაც არ გვტოვებდა შეგრძნება, რომ ლატვიის ნაცვლად ნახევარი თავით ძლიერი რომელიმე ნაკრები რომ ყოფილიყო მინდორზე, საზეიმოდ ჩვენ როდი გვექნებოდა საქმე. სამუშაო იმდენია, ერთიანად ხელების დაკაპიწების გარეშე გრძელვადიან წარმატებაზე ფიქრი გაჭირდება.
წილი
წინა სტატიამგლები თბილისში
შემდეგი სტატიასაუთგეიტის სიცოცხლეში…
პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!