„მანჩესტერ იუნაიტედში” რთული მდგომარეობაა. გუნდს ჩემპიონატი 1992 წლის შემდეგ ასე ცუდად არ დაუწყია. კლუბის დირექტორატში ფიქრობენ მწვრთნელის თანამდებობაზე ჟოზე მოურინიუ დატოვონ თუ ვინმე შემცვლელი მოუძებნონ.

ოთხი პრემიერლიგური ტურის შემდეგ „წითელ ეშმაკებს” მხოლოდ 6 ქულა აქვთ და ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებენ. განსაკუთრებით მწარე შინ „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” 0:3 დამარცხება გამოდგა. პორტუგალიელს პრეს-კონფერენციებზე ჟურნალისტებთანაც გაუმძაფრდა ისედაც მუდამ სკანდალური კითხვა-პასუხი.

და ამ ფონზე ბოლო პერიოდში მისი შესაძლო შემცვლელის შესახებ აქტიური ლაპარაკი დაიწყეს. ყველაზე მეტად ზინედინ ზიდანს ასახელებენ. ინგლისური „მირორი” წერს, რომ დანამდვილებით იცის — მოურინიუს მოხსნის შემთხვევაში ფრანგი „იუნაიტედის” მწვრთნელობას სიამოვნებით დათანხმდება.

ამბობენ, რომ ზიდანს უკვე იმ მოთამაშეთა გვარებიც კი აქვს მოფიქრებული, რომელთა შეძენასაც „ოლდ ტრეფორდზე” მისვლის შემთხვევაში ისურვებს. ასეთი თურმე ოთხია: ტონი კროოსი „რეალიდან”, ტიაგო ალკანტარა „ბაიერნიდან”, ედინსონ კავანი „პარი სენ ჟერმენიდან” და ხამეს როდრიგესი — კოლუმბიელი ვარსკვლავი, რომელიც „რეალს” ეკუთვნის, მაგრამ „ბაიერნშია” იჯარით გაშვებული.

ის, რომ ზიდანს კროოსის ყიდვა უნდა გასაკვირი არ არის — ფრანგი „რეალში” გერმანელის მწვრთნელი იყო და მას რეგულერულად ათამაშებდა. თავის მხრივ „მანჩესტერ იუნაიტედიც” ყოველთვის კარგი თვალით უყურებდა კროოსს, რაც ამასწინანდელ ინტერვიუში ინგლისური გუნდის ყოფილმა თავკაცმა დევიდ მოიესმა დაადასტურა. სხვა საქმეა, რომ კროოსი ძვირი იქნება. მას „ლოს ბლანკოსთან” კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს და გამოსასყიდი ფასი 80 მილიონი ევროს ტოლია.

ალკანტარა, რომელიც ექსპერტების ვარაუდით ზიდანის სისტემას ასევე ჩინებულად მოერგება, „ბაიერნთან” ხელშეკრულებით 2021 წლამდეა დაკავშირებული და დღეისათვის 60 მილიონი ევრო ღირს.

კავანი კი მართალია 31 წლისაა, მაგრამ „პარი სენ ჟერმენსა” ურუგვაის ნაკრებში რეგულარულად ათამაშებენ. მისი კონტრაქტი პარიზელებთან 2020 წლამდეა, ფასი კი 60 მილიონი ევროა.

და ბოლოს ყველაზე გასაკვირი ამბავი — ხამეს როდრიგესი, რომელიც თავის დროზე მისი საყვარელი „რეალიდან” იმიტომ გაიქცა, რომ ზიდანი არ ათამაშებდა. არ არის გამორიცხული, რომ ხმები იმის შესახებ, თითქოს ზიდანს „მანჩესტერ იუნაიტედში” როდრიგესის მიყვანა ენდომება, მთლად სიმართლეს არ შეესაბამება. „ბაიერნთან” კოლუმბიელის იჯარა 2019 წელს მთავრდება და რამდენადაც ვიცით ფეხბურთელს „სანტიაგო ბერნაბეუზე” უნდა დაბრუნება.