9 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის ერთა ლიგაში. „დინამო არენაზე“ ლატვიელებს ვმასპინძლობთ, გუნდს, რომელთანაც არაერთგვაროვანი ისტორია გვაკავშირებს.

ლატვიელებს სულ 8-ჯერ შევხვედრივართ. შედეგი  – 3 მოგება, ამდენივე წაგება და 2 ფრე. (ბურთები 14:10). საინტერესოა, რომ დღემდე მათთვის ოფიციალური მატჩი არ მოგვიგია. ბალტიისპირელები ორჯერ მოხვდნენ ჩვენთან შესარჩევ ჯგუფებში და ორივეჯერ გვაჯობეს. პირველად ევრო 2000-ის კვალიფიკაციაში რიგაში 1:0 დაგვამარცხეს, თბილისში კი 2:2 ვითამაშეთ. ევრო 2012-ის შესარჩევში თბილისში მინიმალური ანგარიშით მოგვიგეს, რიგაში კი მშვიდობით დავშორდით (1:1).

ჩვენგან განსხვავებით, ლატვიელებს უფრო მდიდარი სანაკრებო ისტორია აქვთ, რადგან საბჭოელთა კლანჭებში მოგვიანებით მოექცნენ. ეგ კი არა, კინაღამ 1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდნენ. მართალია, შესარჩევში ავსტრიასთან წააგეს, მაგრამ ავსტრია გერმანიამ დაიპყრო და გათამაშებიდან მოიხსნა. წესით, ტურნირზე ლატვიას უნდა ეთამაშა, მაგრამ ფიფამ ვაკანტური ადგილი ინგლისს შესთვაზა, რომელსაც მანადე ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განეცხადებინა. ინგლისელებმა ისევ იუარეს და ფიფამაც ნაკრებნაკლული (16-ის ნაცვლად 15 გუნდიანი) მონდიალი ჩაატარა.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ახალ დროში კი ლატვია იყო რუსეთის შემდეგ პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე ითმაშა (ევრო 2004). მათ ჰყავთ შვიდი ფეხბურთელი, ვისაც ნაკრებში 100-ზე მეტი მატჩი ჩაუტარებია. ვიტალის ასტაფიევსი კი 167 მატჩით კარგა ხანს ევროპის რეკორდსმენი იყო, სანამ  ლეგენდარულმა ჯიჯი ბუფონმა არ გადაუსწრო (176).

ლატვიური ფეხბურთის განვითარებაში ქართველებსაც მიუძღვით წვლილი. განსაკუთრებით  რევაზ ძოძუაშვილს გამოვარჩევდით, რომელიც რიგის „სკონტოსა“ და მათი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელიც იყო. 1998 წელის თებერვალში მალტის ტურნირზე გახლდით. ეს ერთადერთი შეჯიბრია, რომელიც საქართველოს ნაკრებს მოუგია. მაშინ იქ ლატვიის ნაკრებიც მონაწილეობდა ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით. ისე მოხდა, რომ  მალტაზე ქართველებიდან ორი ჟურნალისტი მოვხვდით, მე და კობა ინასარიძე. გუნდები ერთ სასტუმროში ცხოვრობდნენ და ვარჯიშებსაც ერთსა და იმავე მინდვრებზე ატარებდნენ მონაცვლეობით. ჩვენ თვალნათლივ ვნახეთ როგორ ასწავლიდა “მიხიჩა“ ლატვიელებს საფეხბურთო საიდუმლოებებს. ჩვენებმა მაშინ 2:1 მოუგეს ბალტიისპირელებს ჯამარაულის დუბლით.

ისევ ურთიერთშეხვედრებს დავუბრუნდეთ. ბოლო, ამხანაგური მატჩი შარშან, 28 მარტს გაიმართა „დინამო არენაზე“ და ჩვენების ტრიუმფალური გამარჯვებით 5:0 დასრულდა. ანანიძისა და ქვილითიას დუბლებს ერთი გოლი ჭაბუკმა არაბიძემაც დაამატა.

ამას ლატვიელთა დამრიგებლის, მარიან პახარსის გადადგომა მოჰყვა. მერე ერთ ხანს ლატვიელებს იქაური ლეგენდა ალეკსანდრს სტარკოვსი წვრთნიდა, წლეულს მაისში კი გუნდს სათავეში ფინელი სპეციალისტი, მიქსუ პაატელაინენი ჩაუდგა.  სხვათა შორის, პაატელაინენი იმ ფინეთის ნაკრების მწვრთნელიც გახლდათ, რომელიც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ორჯერ ეთამაშა „ჯავროსნებს“ . ჰელსინკიში მატჩი ფრედ 1:1 დამთვრდა. თბილისში კი ფინელებმა რომან ერომენკოს პენალტით იმარჯვეს.

პაატელაინენის თავკაცობით ლატვიელებმა  4 მატჩი ჩაატარეს. ივნისში ესტონეთს 1:0 მოუგეს, შემდეგ ლიეტუვასთან 1:1 ითამაშეს და ბალტიის თასი (ჯამში მეცამეტედ) მოიგეს. შემდეგ იყო აზერბაიჯანთან ამახანაგური (1:3) და ანდორასთან 0:0.

ლატვიურ ფეხბურთში ცვლილებების დრო დადგა. ფედერაციის ახალ პრეზიდენტს, 36 წლის ბრიტანულსკოლაგამოვლილ კასპარს გორკშს უამრავი იდეები ჰქონია. ყველაფერი რებრენდინგით დაიწყო. ერთა ლიგას ლატვიის ნაკრები ახალი სახით, ახალი ფასეულობებით შეხვდა. ივლისში  პომპეზური პრეზენტაციაც გამართეს რიგაში. ფორმას ლატვიური ფოლკლორის ატრიბუტები დაუმატეს, შეცვალეს ლოგოც და სიმბოლოდ მგელი აირჩიეს.

„ახალ ისტორიას ვიწყებთ. დღეიდან მგლები ვართ  და შეგიძლიათ არაოფიციალურად „11 მგელი“ (#11vilki) დაგვიძახოთ“ – თქვა გორკშმა პრეზენტაციაზე.

ახალი სლოგანია – ბრძოლა, ერთობა და სიამაყე.

თუმცა ამ პატრიოტულ სულისკვეთებას ჯერჯერობით ბევრი არაფერი შეუცვლია. გასულ ხუთშაბათს ერთა ლიგის პირველ ტურში, ჯუჯა ანდორას რიგაში უმასპინძლეს და უგოლოდ დაშორდნენ. ლატვიური მედიის ცნობით, მასპიძლებს მთელი მატჩის განმავლობაში დიდი სათამაშო უპირატესობა ჰქონიათ, მაგრამ რეალურად ორი საგოლე მომენტი შეუქმნიათ და ისიც ვერ გამოუყენებიათ.

ფაქტია, ლატვიელებს თაობათა ცვლის პერიოდი უდგათ და ბოლოდროინდელი არცთუ კარგი შედეგებიც ამის ბრალი უნდა იყოს. თუმცა, ამან არ უნდა მოგვადუნოს.

„11 მგლის“  საბაზო გუნდი (8 ფეხბურთელი) „რიგას ფუტბოლა სკოლა“  (რიგას ფს) გახლავთ, რომელსაც მდიდარი მეპატრონე ჰყავს. უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ორი წლის წინათ გამოჩნდა, თუმცა მრავალმა იქაურმა ვარსკვლავმა მალევე მიაკითხა. ახლა რფს ვირსლიგაში მეორე ადგილზეა და სამი ქულით ჩამორჩება ლიდერ „რიგას.“ შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში ჩვენი ნაკრების წევრი, ლაშა შერგელაშვილიც თამაშობს.

ვეტერანი მეკარე პაველ შტეინბორსი კი ჩვენი ლუკა ზარანდიას თანაგუნდელია პოლონურ „არკაში.“ პოლონეთშივე, ოღონდ ლიგა 1-ის ბელსკო-ბიალას „პოდბესკიძეში“ თამაშობს დღვანდელი ნაკრების მთავარმეგოლე, 23 წლის წვეროსანი ვალერის შაბალა (12 გოლი 45 მატჩში). მასაც ჰყავს ქართველი თანაგუნდელი – გუგა ფალავანდიშვილი.

გამოვყოფთ ჭაბუკ რობერტს ულდრიკისს. 20 წლის ცენტრფორვარდი 198 სანტიმეტრ სიმაღლისაა და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მან ახლახან გააფორმა ოთხწლიანი კონტრაქტი შვეიცარულ „სიონთან“. სხვათა შორის, რობერტსი ჩვენი მეგობრისა და კოლეგის, აშკოლდს ულდრიკსის ვაჟი გახლავთ, რომელიც საქართველოს დიდი მოყვარულია და საპასუხო, რიგული მატჩის ამბებს სწორედ ის მოაწვდის „სარბიელს.“

ლატვიელთა განახცხადი ასეთია:

მეკარეები – ანდრის ვანინსი (ციურიხი, შვეიცარია), პაველს სტეინბორსი (არკა, პოლონეთი), კასპარს იკსტენსი (რიგას ფს, ლატვია)

მცველები – კასპარს დუბრა, ვიაჩესლავ ისაევსი, რობერტას სავალნიეკსი, ალექსანდრ სოლოვიოვსი (ყველა – რიგას ფს), ვლადისლავ გაბოვსი (რიგა, ლატვია), ვიტალი მაკსიმენკო (ოლიმპია, სლოვენია), ვიტალიუს იაგოდინსკისი (ვენტსპილსი, ლატვია), გინტს ფრეიმანისი (სპარტაკს იურმალა, ლატვია)

ნახევარმცველები – ალექსანდრ ფერტოვსი, რობერტ სავალნიეკსი, გლებს კლუსკინსი (ყველა – რიგას ფს), ვლადიმირ კამესი, კრისტან-დამიანს ტორესი (ორივე – ლიეპაია, ლატვია), რიტვარს რუგინსი (ვენტსპილსი), ივანს ლუკიანოვსი (რიგა)

თავდამსხმელები – ვალერის შაბალა (პოდბესკიძიე, პოლონეთი), დავის იკაუნიეკსი (იაბლონეცი, ჩეხეთი), არტურს კარასაუსკსი (აკჟაიკი, ყაზახეთი), დენის რაკელსი (რიგა), რობერტას ულდრიკსი (სიონი, შვეიცარია), ვლადისლავს გუტკოვსკისი (ტერმალიცა, პოლონეთი).

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს. ყაზახეთთან მართლაც უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოვიპოვეთ, თუმცა ეს „ტაშ-ფანდურის“ საბაბს ნამდვილად არ გვაძლევს. გულახდილები ვიყოთ, ბიჭებს მონდომება არ დაუკლიათ, მაგრამ გაგვიმართლა კიდეც, რადგან უკანა ხაზში (დაცვა-მეკარე) უამრავი შეცდომა დავუშვით. ჩაკვეტაძის ფანტასტიკური გოლი კი მხოლოდ მისი ინდივიდუალური ოსტატობის ნაყოფი იყო. ანუ, ეს ის შემთხვევაა, როცა თანაბარი მეტოქეების მატჩის ბედი ვარსკვლავმა გადაწყვიტა.

გუშინ მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა “ზესტაფონის“ თბილისის ზღვაზე არსებულ ბაზაზე მხოლოდ ის ფეხბურთლები ავარჯიშა ვისაც ყაზახეთთან არ უთამაშია, ან არასრული მატჩი ჩაატარა. ძირითადმა ბირთვმა კი აღდგენითი ვარჯიში გამართა.

საღამოს კი პრესკონფერენციაზე ვაისმა თქვა: „ლატვიელები დიდი ძალებით დაიცავენ თავს, ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება გასაღები მოვარგოთ ამ ტაქტიკას და გოლები გავიტანოთ. ამისათვის გულშემატკივრების მხარდაჭერა დაგჭირდება. ქომქგებს მოვუწოდებ, შეავსონ ტრიბუნები!“

მისი კოლეგა პაატელაინენი კი შეგვპირდა, ანდორსთან შედარებით აბსოლუტურად განსხვავებული თამაში იქნებაო. „სხვა ტაქტიკით ვითამაშებთ, განსაკუთრებულ ყურადღებას დაცვას დავუთმობთ. ვეცდებით ბურთი გავაკონტროლოთ და მეტოქეს არ ჩავაბაროთ, რომელსაც ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელებბი ჰყავს.“ – განაცხადა 51 წლის ფინელმა სპეციალისტმა.

საქართველოს ნაკრების განაცხადი:

მეკარეები – გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები – ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე, აშშ), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები – ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი)

თავდამსხმელები – ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).