აბა, ვის არ გაუგონია „ხმელი ფოთლის“ ამბავი? ვის არ უნახვას ძველ კინოქრონიკაში აკადემიკოს ვალდირ პერეირას – დიდის მიერ სასწაულებრივად მოჭრილი ბურთი? მეც მათ შორის.

ბევრს კი უნახვს, მაგრამ ჩვენი დიდი ერთი მეექვსედის წყალობით, არანაირი შესაძლებლობა არა არის იმ 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კადრები მარად თვალწინ გვედგას. გვახსოვს, რომ დიდიმ დაარტყა ეს „ხმელი ფოთოლი“, მაგრამ როგორ დაარტყა, ბევრს არავის შეგვიძლია აღვწეროთ. აი, ასეთი ვითარება გვაქვს.

„ხმელი ფოთლის“ გამო კი გამუდმებით ვლაპარაკობთ. ამ დარტყმის ტრაექტორიის აღსაწერად ზოგიერთს ისეთი ხაზები გამოჰავს ქაღალდზე, რომ კაცს გეგონება, საბჭოთა კავშირის საავტომობილო გზების ატლასი მიჭირავს ხელშიო?

და აი, ოთხშაბათს ღამით, ლიონში, ოთხთა ტურნირზე, კვლავ ბრაზილიელმა რობერტო კარლოსმა დაუჯერებელი დარტყმა შეასრულა ცაცია ფეხით. ამ შეხვედრის რეპორტაჟს „ენტევე სპორტის“ არხზე ვუმზერდი. რეპორტაჟი ვლადიმერ მასლაჩენკოს მიჰყავდა პირდაპირ საფრანგეთიდან და გოლი გავიდა თუ არა, ამ ფეხბუთში ჭიპმოჭრილმა კაცმა კივილი დაიწყო, „სუხოი ლისტ, სუხოი ლისტ! სნოვა ბრაზილეც ზაბივაეტ, სნოვა ფრანცუზამო“.

ძია მასლაკმა ამას ისიც დაურთო, პირდადად მე „ხმელი ფოთოლი“ იმ 1958 წლის, იმ დიდი დიდის მოქნეულის შემდეგ აღარ მინახავს და მეგონა ისე მოვკვდებოდი, რომ ვეღარც ვნახავდიო.

დიახ ულმაზესი, ეგებ კოსმოსური დარტყმაც კი იყო. „ხმელი ფოთოლი“ მასლაჩენკოს კარგად მოეხსენება.

მაგრამ ჩვენ გურჯები ვართ და ჩვენი ამბავიც ხომ კარგად მოგეხსენებათ.

თამაშის მეორე დღეს რამდენიმე თაობის ქომაგთა შორის მოვხვდი და თუ აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ გუშინ „ხმელი ფოთოლი“ შესრულდა, ახლა ყველაფერი ამერ-დამერია.

უფროსი თაობის ქომაგმა, ბატონმა შალვამ აღნიშნა, რობერტო კარლოსმა სწორედ დიდისებურად დაარტყა და ეს ორივე „ხმელი ფოთოლია“ თავისი უეცარი ვირაჟითო. ესეც არ იყოს და „ხმელი ფოთოლი“, მისი ვერსიით, მხოლოდ გაჩერებულ ბურთზე სრულდება, ამ დროს საშუალო თაობის გულშემატკივარმა ირაკლიმ თქვა, რობერტოს ნაგლეჯი მხოლოდ და მხოლოდ კარგი მოჭრილი იყო, „ხმელი ფოთოლი“ კი ის გოლია, არი ჰაანსმა რომ გაუტარა ძოფსო და ბურთის მიმართულება ხელის მოძრაობით აღწერა. მისი ვერსიით, ბურთი ერთგვარი „ცახცახით“ მიდის. დიდის დარტყმული ამას არ ენახა.

ზემოხსენებულ ადამიანთა შორის კამათი შეუთანხმებლობის გამო შეწყდა. ნიადაგი ვერ მოინახა, იმავე საღამოს ქუჩაში შემხვდა ძია ოთარი, რომელმაც მითხრა, რომ „სუხოი ლისტი ის იყო, გარინჩამ რომ აუჭრა ბულგარელებს 31 წლის წინათო”.

შინ მისვლისას კი მე გურამ ფანჯიკიძის წიგნში ამოკითხული რამ გამახსენდა: დიდი გაჩერებულზე ურტყამდა „ხმელ ფოთოლს“, ნელინიომ და დირსეუმ გაგორებული ბურთით შეასრულეს ეს დარტყმა, ედერმა კი საერთოდაც ჰაერში მყოფი ბურთით გაუჭედა „ხმელი ფოთოლი“ დასაევსო.

ამიტომ, მე ვერ გავიგე, როგორია „ხმელი ფოთოლი“.

ძვირფასო ამის წამკითხველო, ეგებ შენ მაინც გამაგებინო ზუსტად.

ეს ურთულესი დარტყმაა – ჩვენ ტრაგიკულად გვაკლდა ფეხბურთი კომუნისტების ხელში. დაგვაყენეთ სწორ გზაზე!

თუმცა, „ხმელი ფოთოლი“ მე მაინც დიდის და რობერტო კარლოსის დარტყმული მგონია, მაგრამ მასები, მასები…

7.06.1997

წილი
წინა სტატიასაჭირბოროტო კითხვა-პასუხი
შემდეგი სტატიამიიღო, აუგდო, დაარტყა – დიდი ფრენბურთი აპენინებსა და ბალკანეთში
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.