„სიტის“ ნახევარმცველმა ლეროი სანემ გუშინ საფრანგეთთან ერთა ლიგის მატჩის შემდეგ ბუნდესნაკრების ბანაკი დატოვა.
მიზეზი? გერმანიის ნაკრების ოფიციალური ტვიტერი გვამცნობს, რომ სანე მწვრთნელ იოაჰიმ ლიოვს ესაუბრა და 9 სექტემბერს პერუსთან ამხანაგური მატჩიდან გათავისუფლება სთხოვა. მიზეზი კი სანეს მეგობარი გოგონა ყოფილა, რომელმაც უახლოეს დღეებში უნდა იმშობიაროს.
“კიკერი” ადასტურებს, რომ სანეს და ლიოვს კონფლიქტი არ აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ 22 წლის შუახაზელი მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანეს. საფრანგეთთან შეხვედრაში სანე მინდორზე 83-ე წუთზე გამოჩნდა მარკო როისის ნაცვლად, თუმცა თავი არაფრით გამოუჩენია.
მატჩის წინ კი ბუნდესტიმის ლიდერმა ტონი კროოსმა გერმანული საფეხბურთო საზოგადოება კიდევ ერთხელ ააფორიაქა, როცა თქვა: „სანეს ყველაფერი აქვს, რათა მსოფლიო დონის მოთამაშე გახდეს. მაგრამ, ზოგჯერ, ამა თუ იმ ეპიზოდში კარნახი სჭირდება. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მისთვის სულერთია მოვიგებთ თუ წავაგებთ.“