6 სექტემბერს საქართველოს ნაკრებისთვის განსხვავებული, საინტერესო დროება იწყება. უეფას ახალი ტურნირის, ერთა ლიგის წყალობით, „ჯვაროსნებს“ ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის უნიკალური შანსი გაუჩნდათ და ახლა ყველაფერი მათ ხელშია.
დღეს ჩვენი ნაკრები ევროპული ფეხბურთის ისტორიაშიც შევა.
რატომ? იმიტომ, რომ ყაზახეთთან მატჩი ტურნირის პირველი და ისტორიული შეხვედრაა. 6 სექტემბერს კიდევ რვა თამაშია, მაგრამ გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ყველაზე ადრე ყაზახეთი-საქართველო იწყება. ადგილობრივი დროით 20, თბილისის დროით კი 18 საათზე.

მერე ერთა ლიგაც გახურდება და უამრავი მატჩი გაიმართება, მაგრამ ყაზახეთი-საქართველო ყოველთვის განსაკუთრებით მოიხსენიება საფეხბურთო ცნობარებში. ისევე, როგორც, ვთქვათ, პირველი მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი 1930 წლის 13 ივლისს, ადგილობრივი დროით 15 საათზე, როცა ურუგვაული „პისტოსის“ პატარა დათოვლილ სტადიონზე საფრანგეთმა მექსიკას 4:1 მოუგო. პირველი გოლი მე-19 წუთზე ფრანგმა ლუსიენ ლორანმა გაიტანა და მერე დიდი არაფრით გამოუჩენია თავი, მაგრამ ისტორიაში სამუდამოდ დარჩა. იმედია ერთა ლიგის პირველ გოლს ქართველი ფეხბურთელი გაიტანს.

ასეთივე დატვირთვისაა ევროპის ჩემპიონატების სულ პირველი მატჩი, რომელიც 1958 წლის 28 სექტემბერს მოსკოვის“ლუჟნიკის“ სტადიონზე გაიმართა და რომელშიც 100 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, საბჭოთა კავშირის ნაკრებმა უნგრეთს 3:1 მოუგო. პირველი გოლი უკვე მე-4 წუთზე მოსკოვის „სპარტაკის“ შემტევმა, ანატოლი ილინმა გაიტანა. ამ შეხვედრაში ერთი ქართველიც თამაშობდა – სლავა მეტრეველი, რომელმაც მე-20 წუთზე ულამაზესი ბურთი შეაგდო ცხრიანში. იმ გუნდის მწვრთნელი კი გავრილ კაჩალინი გახლდათ, კაცი, რომელმაც ექვსი წლის შემდეგ პირველად მოაპოვებინა თბილსის „დინამოს“ საბჭოეთის ჩემპიონობა.
ცხადია, ეს ტურნირები რანგით ერთა ლიგისაზე მაღლა დგას, მაგრამ პირველი მაინც პირველია. სხვათა შორის, „პირველი“ არცთუ კარგად გვაქვს დაცდილი. საქართველოს ნაკრებმა პირველი ოფიციალური ტურნირი 1994 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ეს ევრო 96-ის შესარჩევი ციკლი გახლდათ. ზუსტად 24 წლის წინათ, 7 სექტემბერს ჩვენებმა მოლდოვას უმასპინძლეს და 0:1 წააგეს. მაშინ სხვა დრო იყო, ჯერ კიდევ ძველი ინერცია მოგვყვებოდა და გვეგონა მთებს გადავაბრუნებდით, მოლდოვამ კი ცივი შხაპი გადაგვასხა და გამოგვაფხიზლა.

ამ მარცხს არავინ ელოდა. მახსოვს, მალევე სფფ-ის ყრილობა გაიმართა. იქ ჟურნალისტებს საგანგებო ბუკლეტები დაგვირიგეს, სადაც ფედერაციის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ გვამცნობდნენ. ბოლოშო კი ეწერა: საქართველოს ნაკრებმაც გვასახელა და ევროშესარჩევი მოლდოვასთან გამარჯვებით დაიწყოო… ცხადია, ბუკლეტი მატჩამდე იყო დაბეჭდილი და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მოლდოვასთან შევრცხვებოდით. მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, მოგებებიც გვქონია და უარესი წაგებებიც, მაგრამ ვერაგი იგორ ოპრეას გოლი, ახლაც ყველაზე მწარედ მახსოვს, რადგან ეს არ იყო უბრალოდ მარცხი, ეს იყო ოცნებების მსხვრევა და გამოფხიზლება. სხვათა შორის, ის შესარჩევი ციკლი ყველაზე წარმატებული გამოდგა „ჯვაროსნებისთვის.“
ახლა ყაზახთა მწვრთნელი ამბობს, წყვილში და ჯგუფშიც ფავორიტი საქართველოაო, მაგრამ დიდი სიფრთხილე და თავგამოდება გვმართებს, ოცნებები კიდევ ერთხელ, საბოლოოდ რომ არ დაინგრეს.
ერთიცაა, „ჯვაროსნებს“ არასოდეს მოუგიათ გადამწყვეტი მატჩი. ისეთი, სატურნირო ცხრილში რაიმეს უკეთესობისკენ რომ შეცვლიდა. განსხვავებული, საინტერესო დროება იწყებაო, ვთქვით ზემოთ და ალბათ, ასეთი თამაშების მოგებაც უნდა ვისწავლოთ. ყაზახეთი გრანდი არ არის, მაგრამ ლატვიასთნ ერთად ამ ჯგუფში მთვარი მოწინააღმდეგეა. ამიტომ, მათთან წარმატებული თამაში პლეი ოფისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.
მაშ ასე. ყურადღება: 2018 წლის 6 სექტემბერი. ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა. „ასტანა არენა.“ (იტევს 30 244 მაყურებელს). თურქი მსაჯების ბრიგადა, მთავარი – ჰალილ უმუთ მელერი. ქართველების მწვრთნელი სლოვაკი ვლადიმირ ვაისია, ყაზახებისა – ბულგარელი სტანიმირ სტოილოვი.
ვაისმა ჩინებულად იცის ყაზახური ფეხბურთის ავან-ჩავანი, საქართველოში ჩამოსვლამდე, სამ წელიწადს ხომ ალმათის „ქაირათს“ წვრთნიდა.
ჩვენს ბანაკში თითქოს ყველა შეიკრიბა. ერთი ჯანო ანანიძე გვაკლია, ძალიან დაგვაკლდება პატარა გენიოსის გამჭრიახობა. მთავარი პრობლემა კი, როგორც ყოველთვის, ფეხბურთელების უთამაშებლობაა. თუმცა ვაისი მაინც გამოცდილებს ენდობა: „გასაგებია, რომ ოქრიაშვილსა და მჭედლიძეს კარგა ხანს ტრავმები ჰქონდათ. სათამაშო პრაქტიკა აკლიათ და შესაძლოა, ბოლომდე მზად არ იყვნენ. მაგრამ, ვფიქრობ, რომ მათ შეუძლიათ სარგებელი მოუტანონ გუნდს. ამ ეტაპზე ასეთი კლასის მოთამაშეები უფრო გამოგვაგდება.“ – თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე.
უთამაშებლობის პრობლემა ყაზახების საფიქრალიცაა. გუნდის 50%-ს სათამაშო პრაქტიკა აკლია და ეს ძალიან გვაწუხებსო – ეს სტოილოვის გუშინდელი სიტყვებია.
ქართველები (96-ე ადგილი ფიფას რეიტინგში) D ლიგის პირველ ჯგუფში მოხვდნენ ყაზახეთთან (116), ლატვიასთან (129) და ანდორასთან (130) ერთად. პირველადგილოსანი პლეი-ოფში გავა. მერე კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ერთა ლიგის სიკეთე ისიცაა, რომ ეგრედ წოდებული, სოლიდარობისა და ბონუსის საერთო ფონდი უეფას 55 ასოციაციისთვის 76,25 მილიონი ევროა. აქედან ჩვენს D ლიგაში ყოველი მონაწილე 500 ათას ევროს მიიღებს, ჯგუფის გამარჯვებული კიდევ ამდენს. ანუ, მაქსიმუმ 1 მილიონის გამომუშავებაც შეიძლება.
ყაზახური მედია წერს, რომ ბილეთები უკვე რამდენიმე დღეა იყიდება და მოთხოვნა ერთობ მაღალია. ფასი კი, ადგილების მიხედვით, 500-3000 ტენგე ყოფილა, რაც დაახლოებით 4-20 ლარის ტოლფასია.
აქვე საქართველოს ნაკრების საყაზახეთო შემადგენლობა:
მეკარეები:
გიორგი ლორია (კრ. სოვეტოვი, რუსეთი) 32 წლის 42 მატჩი ნაკრებში 0 გოლი
როინ კვასხვაძე (ტორპედო ქუთაისი) 29 8 0
ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი) 22 0 0
მცველები:
ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია) 23 17 0
სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი) 26 29 0
დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) 25 11 0
გურამ კაშია (სან ხოსე, აშშ) 31 65 2
ლაშა შერგელაშვილი (რიგას ფს, ლატვია) 26 7 0
გიორგი ნავალოვსკი (დინ. მინსკი, ბელარუსი) 32 31 0
ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი) 22 6 1
ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი) 32 73 7
ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი) 26 15 0
გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი) 23 10 0
ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია) 24 13 1
ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია) 22 5 0
გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი) 23 8 1
გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პოლონეთი) 32 28 1
გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია) 20 4 3
გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) 19 1 1
თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი) 26 33 8
ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, აშშ) 25 33 8
ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი) 26 10 0
თავდამსხმელები:
ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია) 28 31 2
გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია) 24 14 4
ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი) 22 12 1