ალექსის სანჩესმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ მეგობარ ქალს, მაიტე როდრიგესს დაშორდა. „მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა, რომლის ჯამაგირიც კვირაში 505 ათასი გირვანქაა (1 705 062 ქართული ლარი) სევდიანი სიმღერის ფონზე გულშიჩამწვდომი წერილი დაწერა.

სანჩესს ინსტრაგრამზე 9,5 მილიონი მიმდევარი ჰყავს, რომელთაც ფეხბურთელის მიერ PowerPoint-ის სტილში შესრულებული ბედნიერ დროთა მოსაგონებელი პრეზენტაციაც იხილეს.

29 წლის ჩილელმა დაწერა: „მე შენ ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ. შენთან შეხვედრა და შენთან დაკავშირებული მოგონებების ქონა მშვენიერი იყო, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საკუთარი ოცნების დევნაში თითოეული დამოუკიდებელ ცხოვრების გზას გავყოლოდით.

როგორც წესი თავს ვიკავებ ხოლმე, მაგრამ ამჯერად მინდა ყველას ვთხოვო, რომ ჩვენს შესახებ  ნუ იჭორავებენ. ბოლოს და ბოლოს ყველაფრის მიღმა ოჯახი და ბავშვები არიან. გთხოვთ პატივისცემა გამოამჟღავნოთ”.

სხვათა შორის, ალექსის სანჩესის და მაიტე როდრიგესის დაშორების ამბავს ჯერ კიდევ მაისში ეჭვობდნენ, როდესაც ქალ-ვაჟმა სოციალური ქსელებიდან ერთმანეთის ფოტოები ამოიღო. მაგრამ მაშინ გაბრაზებულმა სანჩესმა „ტვიტერში” ემოციურად დაწერა:

„რატომ გროვდება ამ ხალხში ამდენი ბოღმა და შური? აუცილებელია გული ატკინო წყვილს, ოჯახებს, მეგობრებს… რა საჭიროა ამდენი ტყუილი?

ყველას ბედნიერებას და გულის ბოროტებისგან გათავისუფლებას გისურვებთ”.

არადა ფაქტია, სანჩესზე მართლა ბევრს ჭორაობდნენ. მაგალითად, იანვარში მავანმა სტუდენტმა პაულინა სობიერაისკამ თქვა, რომ ფორვარდი მას სექსში 1000 გირვანქას (3376 ლარი) სთავაზობდა. მაშინ ფეხბურთელი ჯერ კიდევ „არსენალში” თამაშობდა.