დუბლინში, 82300 ქომაგით გაძეძგილ “კროუკ პარკზე” ირლანდიური ფეხბურთის საერთოირლანდიური ფინალი გაიმართა. თამაში აგვისტოს ბოლოს უნდა გამართულიყო, მაგრამ რომის პაპმა ფრანცისკ პირველმა სწორედ მაშინ ინება ირლანდიაში თავის კათოლიკური სამწყსოსთვის თვალის გადავლება (დუბლინში “ოჯახთა მსოფლიო კონგრესს” დაესწრო) და ამით შემოდგომის უდიდესი სპორტულ მოვლენათაგანი უნებლიეთ შეაფერხა.

მაიკლ ფიცსიმონსი (დუბლინი) და პეტერ ჰარტე (ტაირონი) გამარჯვებისთვის არც თავს ზოგავდნენ და არც ერთმანეთს

33 გუნდიანი, მრავალრაუნდიანი შესარჩევი ციკლის გავლის შემდეგ ფინალის მთავარი ღირსება ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ მასში დედა-ირლანდიას მოწყვეტილი ოლსტერური გუნდის გამოჩენა გახდა, კერძოდ ტაირონისა. ეს გუნდი ირლანდიური ფეხბურთის ელიტას კი ეკუთვნის, მაგრამ ფინალი ბოლოს 2008 წელს დააგემოვნა და ლეგენდარულ 38-გზის ჩემპიონ კერის მოუგო კიდეც. წელს კი ეს უკანასკნელი ნახევარფინალშიც ვერ გავიდა – მეორე ფინალისტად ბოლო წლების უცვლელი ტრიუმფატორი დუბლინი მოგვევლინა. დედაქალაქელები მოედანზე ზედიზედ სამგზის ჩემპიონის რანგში გავიდნენ და ფავორიტობაც უფრო მათთვის მოიაზრებოდა. თამაშმა კლასში სხვაობა თავიდანვე გამოკვეთა. ტაირონის საწყისი მიძალების მიუხედავად (0-5:0-1) დუბლინელებმა მალევე იპყრეს ხელთ თამაშის სადავეები და 21-ე წუთზე პოლ მენიონმა პენალტიდან ბურთი ცხრიანში შეარჭო. 28-ე წუთზე, მასიური შეტევის შემდეგ დუბლინელებმა მეორე გოლიც გაიტანეს (რომელიც ირლანდიურ ფეხბურთში, მოგეხსენებათ, 3 ქულად ფასდება) და რადგან ამგვარი გოლების გატანა ირლანდიურში უფრო მეტად ჭირს, ვიდრე ჩვენებურ სოკერში, ფინალის ბედიც ალბათ პირველ ტაიმშივე იყო გადაწყვეტილი.

ჩრდილოელები რა თქმა უნდა არ გატყდნენ, ოღონდ დედაქალაქელთა კარს მიკარება მეორე ტაიმშიც ძლიერ გაუჭირდათ და სარაგბო არეკნების მსგავსი თითოქულიანი დარტყმებით სცადეს ფონს გასვლა, მაგრამ დუბლინმა თამაშის თითქმის ბოლომდე ანგარიშში კომფორტული სხვაობის შენარჩუნება მოახერხა. ერთხელ კი გადაირივნენ ტრიბუნები, როცა 67-ე წუთზე ტაირონმა პენალტით ერთი გოლი გაქვითა. მსაჯმაც სტანდარტულ სათამაშო დროს (70 წუთი) 7 წუთი დაუმატა მატჩის მსვლელობისას წარმოქმნილ მრავალრიცხოვან ძიძგილაობათა და გაწევ-გამოწევების გამო, მაგრამ იმ დღეს ტარონის მხსნელი მამაზეციერიც არ ჩანდა და საბოლოო ანგარიში დუბლინის ულაპარაკო უპირატესობაზე მიგვანიშნებს 2-17 (23) – 1-14 (17).

ერთი სიტყვით, ვერ იქნა და ვერ გასცდა სემ მაგუაიერის თასი დუბლინის ფარგლებს…

დუბლინელთა მეკარემ და კაპიტანმა სტივენ კლაქსტონმა გამარჯვების თასი ერთხელაც აღმართა
წილი
წინა სტატიანეიმარმა ლივერპულს ყავაში ჩაუხედა
შემდეგი სტატიასუფთა ფურცელი
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია