სულ ცოტა ხნის წინ 52 წლის ხულენ ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრებს თავკაცობდა და მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობისთვის რუსეთში გახლდათ გუნდთან ერთად ჩასული. მერე კი მოხდა ის, რაც ყველამ კარგად იცის — ლოპეტეგი „რეალს” შეუთანხმდა, რომ მუნდიალის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადავიდოდა, რასაც ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციაში სკანდალი მოჰყვა და პორტუგალიასთან პირველ თამაშამდე სამი დღით ადრე ის სამსახურიდან მოხსნეს.

ახლა, სანაკრებო პაუზის დღეებში, უკვე „რეალის” მოქმედმა თავკაცმა რადიო „ონდა სეროს” გადაცემა „ელ ტრანზისტორში” მიიღო მონაწილეობა და ჩვენც ამ გადაცემის საინტერესო ფრაგმენტებს გთავაზობთ.

ლოპეტეგიმ თქვა, რომ „რეალში” გადასვლა მართლაც მსოფლიოს ჩემპიონატამდე ცოტა ხნით ადრე გადაწყვიტა, რასაც არ ნანობს.

„ეს იყო პატიოსანი გადაწყვეტილება, რომლის გამოც სინდისი არ მქენჯნის. დღეს „რეალში” ბედნიერი ვარ და არც ნაკრების მიმართ მაქვს ცუდი განწყობა. მინდა „ლა როხამ” ფენომენალურ შედეგებს მიაღწიოს. ლუის ენრიკესა და ფეხბურთელებს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ეჭვი ნურავის შეეპარება, რომ ჩვენი ნაკრების თავგადაკლული ქომაგი ვარ”.

„რეალზე” ლაპარაკისას ლოპეტეგიმ თქვა, რომ მისი მისვლისთვის კრიშტიანუ რონალდუს გადასვლა უკვე გადაწყვეტილი საქმე იყო.

„მე მასთან არც კი მილაპარაკია. როდესაც „რეალში” მივედი რონალდუს კლუბის ხელმძღვანელებისთვის უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ გუნდიდან წასვლას აპირებდა და კლუბშიც გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ფეხბურთელისთვის, რომელიც „ლოს ბლანკოსს” ამდენი წელი ემსახურა მაქსიმალურად შეგვეწყო ხელი. ამ საკითხთან დაკავშირებით „რეალის” სტრატეგია მე მხოლოდ ფაქტად მივიღე”.

ლოპეტეგის „ბარსელონას” ლიდერის, ლეო მესის ამასწინდელი ინტერვიუ შეახსენეს და ჰკითხეს, ზაფხულის სატრანსფერო ამბებმა ხომ არ დაასუსტა მისი გუნდი.

„მე „რეალის” ფეხბურთელებს იოლად არასდროს შევხედავდი”, — უპასუხა „თეთრების” მწვრთნელმა.

მას ჰკითხეს, ხომ არ ჯობდა რონალდუს შემცვლელი ეყიდათ. შემდეგ კილიან მბაპესა და ნეიმარის შესახებ სთხოვეს აზრის გამოთქმა. ლოპეტეგიმ უპასუხა:

„ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩემს გუნდში არ თამაშობენ, არ ვილაპარაკებ. ეს უპატივცემულობა იქნებოდა. მე მიყვარს ბეილი, ბენზემა, ლუკასი… ნეიმარი და მბაპე ორი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად მათ არ ვაკვირდები. ისინი ჩემი მოთამაშეები არ არიან”.

რონალდუს წასვლის მიუხედავად „რეალში” ბევრი დიდი ვარსკვლავი თამაშობს. ყოველ ტურში ამა თუ იმ მსოფლიოში სახელგანთქმულ ფეხბურთელს სათადარიგოთა სკამზე უწევს დაჯდომა. „ლა ლიგის” პირველ ტურებში ლოპეტეგიმ ბევრის გასაკვირად ტიბო კურტუა, რაფაელ ვარანი და თვით ლუკა მოდრიჩი არ შეიყვანა სასტარტო შემადგენლობაში.

„ჩვეულებრივ, ფეხბურთელები მიზეზებს არ კითხულობენ, — თქვა „რეალის” თავკაცმა, — მაგრამ ჩამოთვლილ შემთხვევებში მოთამაშეებს, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ ავუხსენი რატომ გადავწყვიტე ასე. „რეალი” ხომ მხოლოდ თერთმეტი ფეხბურთელისგან არ შედგება, სეზონი კი ხანგრძლივია. წინ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჩვენ ყველანი ყოველ წუთს მზად უნდა ვიყოთ”.

და კიდევ ერთი უცნაური ამბავი: თურმე ტიბო კურტუას „ჩელსიდან” „რეალში” გადასვლის ამბავი ჯერ კიდევ ივნისის შუაში იყო ცნობილი. არადა, ოფიციალურად 8 აგვისტოს გამოაცხადეს.

„მე ვიცოდი ამ ტრანსფერის შესახებ. კურტუა საუცხოო გოლკიპერია. ბედნიერები ვართ ასეთი მეკარეები რომ გვყავს. ჩვენ რაც შეიძლება სამართლიანად შევეცდებით მაქსიმუმი გამოვწუროთ იმ მაღალი დონის მოთამაშეებისგან, რომლებიც გვყავს. „რეალში” გადაწყვეტებია, აქ პრობლემები არ არის”.