ჟოზე მოურინიუს ესპანეთში თაღლითობისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პორტუგალიელს ქვეყნის საგადასახადო სამსახურებისთვის დაახლოებით 3,2 მილიონი ევრო დაუმალავს.

გაზეთი „ელ მუნდო” წერს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა დანაშაული აღიარა. მას ორ უკანონო ქმედებაში სდებდნენ ბრალს. სასამართლომ თითოეულისთვის 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამის მიუხედავად „რეალის” ყოფილი მწვრთნელი ციხეში ერთ დღესაც არ გაატარებს. მიზეზი: ესპანეთში არის კანონი, რომლის თანახმადაც პირები, რომელთაც პირველად ჩაიდინეს დანაშაული და 2 წელზე ნაკლები აქვთ მისჯილი, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ მიდიან.

55 წლის მწვრთნელი 2 მილიონ ევრომდე ჯარიმის გადახდას დათანხმდა, რაც დაახლოებით მისი გაფლანგული თანხის 60 პროცენტის ტოლია.

დღეს დილით ჟურნალისტებმა პოსუელო დე ალკარონის მეოთხე სასამართლოში კომენტარისთვის ვერავინ იპოვნეს.