მარკუს რეშფორდმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში — ის „ბარნლისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრაში, რომელიც მანჩესტერელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა, მოედნიდან გააძევეს. რეშფორდმა მოწინააღმდეგის მცველს, ფილ ბერდსლის საფეხბურთო უხეშობაზე ქუჩური ილეთით უპასუხა.

რეშფორდს, რომელსაც მოედანზე ხეირიანად 10 წუთიც არ დაუყვია, ახლა სამი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს. ის მოედანზე 61-ე წუთზე ალექსის სანჩესის ნაცვლად შეუშვეს, 71-ე წუთზე კი უკვე ხსენებული ინციდენტი მოხდა — რეშფორდმა ბერდსლის თაური მისცხო. შეგახსენებთ, რომ ბერდსლი 2003-2008 წლებში „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდა.

მსაჯმა ჯონათან მოსმა 33 წლის ბერდსლის ყვითელი ბარათი ამოუღო, ხოლო რეშფორდი პირდაპირ გააძევა მოედნიდან. ახლა მანჩესტერელი ვერ ითამაშებს „უოტფორდთან” და „ვულვზთან” პრემიერლიგაში, ხოლო „დერბისთან” „კარაბაოს თასზე”.

20 წლის თავდამსხმელმა მოგვიანებით „ტვიტერში” ასეთი პოსტი დადო: „ემოციებმა მაჯობეს, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. ბოდიშს ვუხდი კლუბში ყველას და მათთან ერთად „მანჩესტერ იუნაიტედის” ქომაგებს”.

მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე, ამ ინციდენტთან დაკავშირებით „იუნაიტედის” მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ თქვა: „არ ვიცი რა მოხდა. რაღაც დიდი გულუბრყვილობა კი იყო. ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ ბავშვი და ძალიან გამოცდილი კაცი. ბერდსლი 20 წელია ფეხბურთშია, მარკუსი კი ჯერაც ბიჭია.

მეტისმეტი სიმკაცრე? ამაზეც ვერაფერს გეტყვით. ალბათ ორივესთვის ყვითელი ბარათის ამოღება შეიძლებოდა. ზოგადად, მოსმა კარგად იმსაჯა, კარგები იყვნენ მისი ასისტენტებიც”.

„ბარნლის” თავკაცი შონ დაიჩი: „დღეს ასეთი ეპიზოდებისგან დიდ დრამას ქმნიან. ადრე ორივე ყვითელ ბარათს მიიღებდა და თამაშიც ჩვეულებრივ გაგრძელდებოდა. ახლა კი მსაჯი წყვეტს როგორ მოიქცეს”.