ბრატისლავაში გამართულ ევროპის თასზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა.
ბექა ღვინიაშვილმა ვაზარით დაამარცხა ავთანდილ ჭრიკიშვილი და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ეს მხოლოდ მშრალი ინფორმაციაა და, ბუნებრივია, ქართილი სპორტის ნებისმიერ ქომაგს გაახარებს. თუმცა, ქართული ფინალით სიხარულს მიღმა ჩვენი ძიუდოს პრობლემებიც ჩანს.
აღარ შეგაწყენთ თავს იმის შეხსენებით, რა პროცესები მიდიოდა გაზაფხულზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში. ორ ბანაკად გაყოფილი სპორტსმენ-მწვრთნელ- ჩინოვნიკები ერთხმად გვიმტკიცებდნენ, ქართული ძიუდო ერთი ოჯახიაო.

ეს მეოთხე ავთანდილ ჭრიკიშვილი იყო, რომელიც ამტკიცებდა, მსოფლიოზე წასვლა ბექა ღვინიაშვილზე მეტად მეკუთვნისო – ფედერაციაზე ზემოქმედება საზოგადოებრივი აზრით სცადა. თავისთავად ეპისტოლარული ფორმა ძიუდოში მეხამუშა და კიდევ უფრო მეტად ის, რომ სოცქსელში ავთანდილზე მეტად მისი ოჯახის წევრები აქტიურობდნენ.
ღვინიაშვილი დუმილს ინარჩუნებდა.
და ფედერაცია?
საუკეთესო, რაც მოიფიქრეს, ორივე სპორტსმენის ბრატისლავაში გაგზავნა იყო – ვინც უკეთეს შედეგს დადებს, მსოფლიოზეც ის წავაო.
მერე?
წავიდნენ და ბრატისლავაში, ფაქტობრივად, საკუთარი მსოფლიო ჩემპიონატი უკვე იჭიდავეს: ორივემ იცოდა, რომ ფეხის დაცდენის უფლება არ ჰქონდა და შეხვედრიდან შეხვედრამდე კონკურენტის წარმატებებსაც ადევნებდა თვალს.
ფსიქოლოგიურად ორივე გადაიწვა, ფიზიკურადაც ბოლომდე გაიხარჯა და ეს მსოფლიო ჩემპიონატამდე სულ ცოტა ხნით ადრე.
კიდევ ერთიც: მსოფლიოზე წასვლა დაბევებული ჰქონდა უშანგი მარგიანს.
თუ ერთ წონაში სამი ღირსეული ძიუდოისტი გვყავს, ამათ შორის ურთიერშეხვრდრებში იქნებ გარკვეულიყო ორი უმჯობესი და ”ქართული ძიუდოს ოჯახის” შიდაოჯახური გარჩევები ბრატისლავამდე არ გაგვეტანა?
ვიცი, გვეტყვიან, პროფესიონალებმა უკეთ ვიცით და დილეტანტებმა ჩვენი ქება-დიდების უფლებითაც იამაყეთო, მაგრამ ეგრე არ არის.
აღიარეთ, რომ ჩვენი ძიუდოს დღევანდელ ლაბირინთებში ეშმაკიც ფეხს მოიტეხს.