სანაკრებო პაუზისწინა ტურს ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. ეგ არის, „დილამ“ „ჩიხურას“ გადაუსწრო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა, „ტორპედო“ კი ეროვნულ ლიგაში თითქმის ორთვიანი „ევრომივლინების“ შემდეგ დაბრუნდა.

გაცუდებული პენალტის მიუხედავად “დინამომ” მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. ბადრი კეთილაძის ფოტო

მივყვეთ თანმიმდევრულად. ტურის პირველი მატჩი პარასკევს გაიმართა ივანწმინდაში. „ჩიხურა“ „დინამოს“ დაუხვდა და 1:2 წააგო. თავისი მე-14 ბურთი გაიტანა საჩხერელთა მთვარმეგოლე გიორგი გაბედავამ. დინამოელთაგან კი მისი უშუალო მდევარი ბუდუ ზივზივაძე და გიორგი კუცია გამოირჩნენ. გაბედავას გოლი ცოტა კურიოზული გამოდგა. ლევან კაკუბავამ საჯარიმოში დინამოელთა მოლდოველ მეკარე სტეფან სიკაჩს მოულოდნელად მოჰპარა ბურთი, გაბედავას დაუგორა და ამანაც ცარიელ კარში შეაგდო.

ვნახეთ ვერგატანილი პენალტიც. თბილისელ ნიკა ნინუას საჩხერელთა ბოსნიელმა მეკარემ, დინო ჰამზიჩმა აჯობა. ამ ტურში იყო კიდევ ერთი გაცუდებული თერთმეტმეტრიანი, „კოლხეთის“ ბურკინაფასოელ პეტერსონ კაბორეს „დილას“ ლუკა გუგეშაშვილმა აუღო. სულ კი ეს მე-6 ვერგატანილი პენალტი გახლდათ სეზონში.

ლიდერ „საბურთალოს“ ერთობ მძიმე თამაში გამოუვდა „ლოკომოტივთან“ თბილისურ დერბიში. რკინიგზელები თავიდან იგებდნენ კიდეც, მაგრამ საბურთალოელებმა მაინც მოახერხეს მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება. „ლოკომოტივის“ მეკარე რევაზ თევდორაძემ ორი უხეში შეცდომა დაუშვა. პირველი ტაიმის ბოლოს ბურთი პირდაპირ მეტოქეს მიუგორა და ნომინალური სტუმრები სასწაულით გადარჩნენ, დავით ვოლკოვმა ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა, თუმცა ამ მომენტში მას უჩა ლობჟანიძემაც შეუშალა ხელი. ვოლკოვმა მაინც გაიტანა და ისევ თვდორაძის შეცდომის წყალობით, ერთ-ერთი შეტევის დროს რკინიგზელთა მეკარემ მუშტებით მოიგერია ბურთი და ფეხში მოარტყა ვოლკოვს. ეს გოლი გამარჯვებისა გამოდგა.

ფოტო: “საბურთალოს” ფეისბუქ-გვერდი

საბურთალოელები ისევ 8 ქულით უსწრებენ მდევარს, თუმცა დინამოელებს მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

„დილამ“ ფოთის „პარკი არენაზე“ მასპინძელი „კოლხეთი“ 0:2 დაამარცხა, სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და მესამე საფეხურზე „ჩიხურა“ ჩაანაცვლა. თანაც გორელებს საჩხერელებზე მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. კოლხებს მართლაც არ გაუმართლათ, უამრავი მომენტი შექმნეს, ერთხელ ძელს გაარტყეს ბურთი, ერთხელაც ხარიხას, ვერც პენალტი გაიტანეს და ზედიზედ მე-8 თამაში წააგეს.

„სიონისა“ და „რუსთავის“ ქვემოქართლური დერბი ცოტა მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა. რუსთაველებმა ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს ბოლნისელებს. წარმატებული გამოდგა უჩა სოსიაშვილის სამწვრთნელო დებიუტი რუსთავში. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ მან ვარლამ კილასონია შეცვალა.

რუსთაველთა მესამე გოლი, რომელიც ვეტერანმა ოთარ მარცვალაძემ გაიტანა, მე-300 გამოდგა წლევანდელ ჩემპიონატში. სხვა მხრივ კი, რუსთაველთაგან ახალგაზრდები გამოირჩნენ. 17 წლის ექს-დინამოელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლიც გაიტანა და  მშვენიერი საგოლე პასიც მისცა მარცვალაძეს, რომელმაც ახლო კუთხში ეფექტურად გაუტანა თორნიკე ზარქუას.

19 წლის ბექა ქავთარაძე კი სულ 6 წუთის შესული იყო მინდორზე, როცა პენალტი მოინადირა და თავადვე გაიტანა. რუსთაველებს აქამდე ოთხი ტურის განმავლობაში ვერ მოეგოთ.

თორნიკე კაპანაძემ დუბლი შეასრულა.

„ტორპედო“ დაბრუნდა. ქუთაისელებს ეროვნულ ლიგაში ბოლოს 4 ივლისს ეთამაშათ, შემდეგ კი ევროთასებზე გადაერთვნენ. მეზობელ სამტრედიელებთან მატჩი ისე დაიწყო, ვიფიქრეთ, ლუდოგორეცული შოკიდან ჯერ ვერ გამოსულანო. 23-ე წუთისთვის ისინი 0:2 აგებდნენ (დუბლი მიითვალა გიორგი ფანცულაიამ.), მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს ლევან კუტალიას ულამაზესმა თავურმა  გოლმა ყველაფერი შეცვალა. მეორე ნახევარში მასპინძლებმა აშკარად დაჩაგრეს მოწინააღმდეგე. კიდევ ოთხი ბურთი გაიტანეს, სენეგალელმა არფანგ დაფემ, ორი თორნიკე კაპანაძემ და ერთიც საკუთარ კარში სამტრედიელთა უკრაინელმა ეგორ სმირნოვმა. ეს მე-12 ავტოგოლი გახლდათ სეზონში.

ახლა ჩემპიონატში სანაკრებო პაუზა იქნება, რომელიც 14 სექტემბრამდე გასტანს. თუმცა, 12-ში, „ტორპედო“ გამოტოვებულ მატჩს გამართავს „რუსთავთან“.

ბოლოს ქუთისის სტადიონის შესახებ გვინდა ორიოდ სიტყვა ვთქვათ. „რამაზ შენგელიას“ მინდორი მსოფლიოს გეოგრაფიულ რუკას უფრო ჰგავს, ვიდრე საფეხბურთო მოედანს. თან უკვე კარგა ხანია ასეთ მდგომარეობაშია და საშველი ვერ დაადგა. საწყენია, რომ  მდიდარი საფეხბურთო ტრადიციების ქალაქის და დიდებული ადამიანის სახელობის სარბიელი ასეთ მდგომარეობაშია.

“ტორპედოს” რუქა-მოედანი

23-ე ტური: ჩიხურა 1:2 დინამო, საბურთალო 2:1 ლოკომოტივი, კოლხეთი 0:2 დილა, სიონი 0:4 რუსთავი, ტორპედო 5:2 სამტრედია

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
საბურთალო36247564:2979
დინამო36216973:3869
ტორპედო36209766:2569
ჩიხურა361971054:3364
დილა361712760:4063
ლოკომოტივი361281643:5544
რუსთავი368131533:4437
სიონი36872139:6531
სამტრედია36492328:8121
კოლხეთი36482426:7614

24-ე ტური

14 სექტემბერი: სამტრედია – დილა

15 სექტემბერი: ლოკომოტივი – სიონი

16 სექტემბერი: დინამო – საბურთალო, რუსთავი – კოლხეთი, ტორპედო – ჩიხურა

მეგოლეები: გიორგი გაბედავა (ჩიხურა) – 14, ბუდუ ზივზივაძე (დინამო) – 12, მიკოლა კოვტალიუკი (დილა), ოთარ კიტეიშვილი (დინამო/შტურმი ავსტრია) – 11, ლეანდრო რიბეირო (დილა) – 10, მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) – 9

წილი
წინა სტატიაგათხოვილი კაცის სიხარული
შემდეგი სტატიაფილ ბერდსლი ბოღმა ჰერბერტია
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.