ჟორჟი მენდისი

ჟორჟი მენდისი პორტუგალიელი სუპერაგენტია, კრიშტიანუ რონალდუს წარმოადგენს და მან, უეფას გალა წარმოდგენისა და დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ თქვა საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩის დასახელება სასაცილო და სამარცხვინო გადაწყვეტილება იყოო.

ცნობისათვის: გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა 80-მა მწვრთნელმა და 55-მა ჟურნალისტმა მიიღო, მოდრიჩმა 313 ქულა დააგროვა, ხოლო მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა რონალდუმ — 223. სხვაობა 90 ქულაა.

მენდისმა თქვა: „ფეხბურთს მოედანზე თამაშობენ და კრიშტიანუმ იქ გაიმარჯვა. მან 15 გოლი გაიტანა და მადრიდის „რეალი” ზურგით ატარა ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტრიუმფისკენ. ამირომაც, გადაწყვეტილება სასაცილო და სამარცხვინოა. გამარჯვებულის ვინაობა ეჭვქვეშ არ დგას, საუკეთესო რონალდუა”.

საინტერესოა, რომ რონალდუმ, რომელიც ამ ზაფხულს „რეალიდან” „იუვენტუსში” გადავიდა, გადაწყვიტა მონაკოში გამართულ დაჯილდოებაზე არ ჩასულიყო.

„იუვენტუსის” დირექტორმა ჯუზეპე მორატამ გადაწყვიტა კლუბი დაეცვა და რონალდუს დარბაზში არყოფნა „იუვეს” პროტესტად არავის მიეღო. მან თქვა:

„შოუზე არ-დასწრება კრიშტიანუს პირადი გადაწყვეტილებაა, მას „იუვენტუსთან” საერთო არაფერი აქვს და ჩვენ ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ”.

თუმცა, მორატამ პოზიციაც დააფიქსირა: „გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით. ჯილდო ჩემპიონთა ლიგას ეხებოდა და არა მსოფლიოს ჩემპიონატს. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშებაში საუკეთესო ემოციები თავისი შესანიშნავი გოლებით სწორედ კრიშტიანუ რონალდუმ გამოიწვია. ჟურნალისტებისა და მწვრთნელების გადაწყვეტილებას არ ვაკნინებ, მაგრამ როგორც ფეხბურთის მოყვარული, მე კრიშტიანუ რონალდუს დავაჯილდოვებდი. ”

კრიშტიანუ რონალდუსა და „იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შეხვდნენ „მანჩესტერ იუნაიტედი”, „ვალენსია” და „იანგ ბოიზი”.

ლუკა მოდრიჩსა და „რეალს” შეხვდნენ: „რომა”, ცსკა და პლზენის „ვიქტორია”.