ზაფხულის ბოლოსწინა დღე ბოლო გამოდგა ევროპალიგას შემორჩენილი ბოლო ქართული გუნდისთვის.
ეგრეც ვერ ვუწიეთ ევროშემოდგომას – ქუთაისის „ტორპედო“ მოლოდინისამებრ დამარცხდა ბულგარულ „ლუდოგორეცთან“ – 0:4. რიგი მიზეზების გამო, ქუთათურთა მარცხი კანონზომიერი იყო…
რაც უნდა პარადოქსულად მოსჩანდეს, ტორპედოს ეს საზაფხულო ევროვოიაჟი გარკვეულილად წარმატებულიცაა, რაკიღა, წლებია, ასე შორს არასდროს წასულა ევროგზას დამდგარი ქართული კლუბი, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს – ფაქტობრივად საშუალო ევროპულმა გუნდმა ზოგადად ქართული ფეხბურთის რეალური სახე დაგვანახა…
ტორპედო, როგორც ქვეყნის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო ევროფერხულში, მაგრამ პირველივე ეტაპზე ცივი შხაპი მიიღო წლეულს არცთუ სტაბილური „შერიფისგან“, ამის მერე იყო ევროპალიგის ჯგუფური ეტაპისკენ სავალი გზა და სუსტი ფარერული ბარიერი, წარმატებით რომ გაიარეს იმერლებმა; მერე კი პრობლემებში ახლართული „კუკესი“ შეუხვდა კახა ჩხეტიანის გუნდს და ამ ბარიერის გადალახვის შემდეგ, ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ოცნებაც გაჩნდა, მაგრამ იქვე ერთი დიდი პრობლემაც იშვა რიგითი საშუალო ევროპული გუნდის სახით –,„ლუდოგორეცი“ ხომ სწორედ ასეთია.
ორრაუნდიან დაპირისპირებას ერთგვარი ინდიკატორის როლიც უნდა შეესრულებინა… სამწუხაროდ შეასრულა კიდეც – ორი მატჩის ჯამში ქუთაისელები 0:5 დამრცხდნენ და თვალნათლივ ვნახეთ, თუ რამხელა სხვაობაა ჩვენსა და ევროპულ ფეხბურთს შორის.
ევროპამ კვლავაც ირონიულად შემოგვძახა– სად ჩვენ, სად თქვენ… მომავალ ევროიმედამდე…