„არსენალის” ბასკი თავკაცი უნაი ემერი ფეხბურთელების კვების რაციონში მკაცრად ჩაერია და ბევრი რამ, მათ შორის ხილის წვენი აკრძალა. „მეთოფეთა” ახალ მწვრთნელს მიაჩნია, რომ კარგი შედეგებისთვის მარტო ვარჯიში არ არის საკმარისი, სწორი კვებაც აუცილებელია. ესპანელს სურს, არსენ ვენგერის მემკვიდრეობა გააუმჯობესოს და სულ მცირე, ჩემპიონთან გასული სეზონის 37 ქულიანი ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამციროს. ფაქტია: ქულებით საბოლოო ცხრილში „არსენალი” გავარდნილ „სუონსისთან” უფრო ახლოს იყო, ვიდრე ჩემპიონ „მანჩესტერ სიტისთან”.

ემერის მხოლოდ კვების რაციონი არ შეუცვლია. მან ვარჯიშები გაცილებით ინტენსიური გახადა, მოთამაშეთა ინდივიდუალური წვრთნა ახალ დონეზე აიყვანა და დარბაზში ფიზიკური მომზადების საათები გაზარდა.

ახალმა თავკაცმა კიდევ ერთი სიახლე დანერგა — ბაზაზე, საწვრთნელი მოედნების გვერდით ტრენაჟორებიანი კარავი გააშლევინა. ახლა მას შეუძლია კომპლექსური ვარჯიშები ჩაატაროს, რაც საინტერესოც არის და სასარგებლოც.

მიმომხილველები ამბობენ, რომ ემერის საყვარელ „მაღალ პრესინგს” დიდი ფიზიკური მომზადება სჭირდება.

მედია წერს, რომ ფეხბურთელები უნაი ემერის ახალ მეთოდებს კარგად შეხვდნენ, მაგრამ თავად ემერი არ არის დარწმუნებული, რომ მათი ენთუზიაზმი სეზონის ბოლომდე გასტანს.

მისმა წინამორბედმა არსენ ვენგერმა 1996 წელს, როდესაც „არსენალში” მივიდა, სულ სხვა ამოცანები გადაწყვიტა: ფეხბურთელებს ლოთობა და არაჯანსაღი საკვების მიღება აუკრძალა. მაშინ ეს დიდი პროგრესი იყო, მაგრამ დღეს, 22 წლის შემდეგ, პროფესიული ფეხბურთის განვითარებამ ახალი მოთხოვნები მოიტანა.