ოთარ კაკაბაძე ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის „ხიმნასტიკიდან“ შვეიცარიის მესამეადგილოსან „ლუცერნში“ გადავიდა. კონტრაქტი სამწლიანია.
„ლუცერნში“ კაკაბაძე ეული ქართველი არ იქნება, გუნდშია ვაკო გვილიაც და ერთ-ერთი ლიდერიც გახლავთ. ეს გუნდი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზე იყო და ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან“ დამარცხდა – 1:3, 0:4. ქვეყნის ჩემპიონატი ერთხელ მოიგო, კონკრეტულად, 1989 წელს.
კაკაბაძეზე ხშირად იწერებოდა, რომ ესპანეთის პრიმერას გუნდებს სურდათ. იყო საუბარი „ხეტაფეზე“, მაგრამ რეალური „ლუცერნი“ გამოდგა.
სად ესპანეთი და სად შვეიცარია, მაგრამ ლიგის საფეხურს აღარ ვუყუროთ? ესპანეთის რანგით მეორედან შვეიცარიის პირველში გადავიდა. კარგი თვალითაც შეიძლება შევხედოთ და ცუდითაც. ისე კი, შვეიცარიაში მაგარი სეზონი თუ ჩაატარე, გრანდი ლიგები შორს არაა.
კაკაბაძე ექვსი წლის წინ გაიცნეს გულშემატკივრებმა. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რომ გავიდა, მაშინ დაქროდა მარჯვენა ფლანგზე.