სხვა რა დავარქვათ? 26 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი მწვრთელის შეცვლის შემდეგ ჩვენს გაოცებას განაგრძობს და მის თავბრუდამხვევ პროგრესს ყველაზე გავლენიანი საჩოგბურთო ექსპერტებიც აღიარებენ.
თბილისში რიჟრაჟი იყო, როცა აშშ-ში ბასილაშვილისა და მასპინძელი ჯეკ სოკის შეხვედრა დასრულდა. ჩვენებურმა US open-ზე მე-18 ნომრად განთესილი მეტოქე 4:6, 6:3, 6:2, 7:6 დაამარცხა და მესამე წრეში გავიდა.
არადა, მატჩი ისე დაიწყო, უარესს ვერ წარმოვიდგენდით. ამერიკელმა ქართველს ჯერ პირველივე მოწოდება, მერე კი სეტიც აართვა. ამის შემდეგ კორტზე სურათი შეიცვალა და ნიკამ მეორე სეტი ერთი, მესამე კი ორი ბრეიკით მოიგო. რომ გვეგონა, საქმე მოთავებულიაო, მეოთხე სეტში და 5:4-ზე საკუთარი მოწოდება დათმო. საბედნიეროდ, ტაი-ბრეიკამდე მიყვანილი საქმე მოგებით დააგვირგვინა. კარგად გვაქვს დაცდილი: წინასწარ სარეიტინგო ქულები და ფულები არ დავუთვალოთ, მაგრამ ნიკოლოზ ბასილაშვილი რომ მორიგ სარეიტინგო ნახტომს ასრულებს, ცხადია.