ფრენკი დე იონგი

„ბარსელონა” რა ხანია ნახევარმცველს ეძებს, მაგრამ დიდი შანსია სატრანსფერო ფანჯარა ისე დაიხუროს, რომ „კამპ ნოუზე” სასურველი მოთამაშე ვერ გამოჩნდეს. „ბლაუგრანას” სპორტის დეპარტამენტის თანამშრომლები სამი მიმართულებით მუშაობენ. მათ სურთ შეიძინონ პოლ პოგბა, ადრიან რაბიო ან ფრენკი დე იონგი. პირველი „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობს, მეორე „პარი სენ ჟერმენში”, ხოლო მესამე „აიაქსში”.

რა აბრკოლებს „ბარსელონას”? ის, რომ ზემოთ დასახელებულ კლუბებს მოთამაშეების გაშვება არ უნდათ. ერთადერთი ვარიანტი, რომელიც ჯერ ბოლომდე გამორიცხული არ არის, ადრიან რაბიოს ყიდვაა, მაგრამ, როგორც კატალონიური გამოცემა „სპორტი” წერს პსჟ ბოლო დღემდე მაინც თავს შეიკავებს და მხოლოდ უკანასკნელ წამს იტყვის საბოლოო პასუხს.

„სპორტის” აზრით, კატალონიური კლუბისთვის ახლა მთავარია სამომავლო თანამშრომლობას ჩაუყაროს ნიადაგი. ფაქტია, რომ სამივე დასახელებული ფეხბურთელი თავისი კლუბიდან წასვლას ცდილობს და ერთ წელიწადში სიამოვნებით გადავა „კამპ ნოუზე”.

მას მერე, რაც ანდრეს ინიესტა იაპონიაში წავიდა, „ბარსა” ტექნიკური და იმავდროულად ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველის ძიებაშია. ესპანეთის ჩემპიონმა თავიდან „აიაქსს” მიაკითხა და დე იონგზე ჩამოუგდო სიტყვა, შემდეგ კი „პარი სენ ჟერმენს” ადრიან რაბიოს თაობაზე მიმართა, მაგრამ ორივე კლუბმა უარით გამოისტუმრა.

ჰოლანდიელთან დაკავშირებით „ბლაუგრანა” არ ჩქარობს. მას „აიაქსთან” „თავდაუსხმელობის პაქტი” აქვს დადებული და ცდილობს საქმე ნაბიჯ-ნაბიჯ წარმართოს ისე, რომ დე იონგი საბოლოოდ მაინც მისი გახდეს. სასწრაფოც არაფერია, ნახევარმცველი სულ 21 წლისაა. თან, თავად დე იონგს „ბარსელონას” გარდა სხვა გუნდის გაგონებაც არ უნდა.

ადრიან რაბიო

რაბიოსთან დაკავშირებით საქმე ცოტა სხვანაირად არის. ფეხბურთელი „პარი სენ ჟერმენიდან” გაქცევაზეა, რაც კატალონიელებმა თავიდანვე კარგად იცოდნენ და პარიზელებთან მოლაპარაკება სცადეს, მაგრამ პასუხად ფიფაში ჩივილის მუქარა მიიღეს — ჩვენი ფეხბურთელის მოთაფვლას და გადატყუებას აპირებთო. მეორე მხრივ, რაბიოს პსჟ-სთან კონტრაქტის ვადა ეწურება ანუ გაისად ამ დროს შეუძლია „პარკ დე პრენსიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდეს. ცხადია, პსჟ ამას არ დაუშვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ნახევარმცველი ნერვებს მოთოკავს და მოთმინებას გამოიჩენს, დიდი შანსია არცთუ შორეულ მომავალში სრულიად მისაღებ ფასად გადაბარგდეს „კამპ ნოუზე”.

და ბოლოს პოლ პოგბა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედიდან” „ბარსელონაში” გადასვლას თავადაც ცდილობს. ასეთი შესაძლებლობით „ბარსელონაც” აღფრთოვანებულია, მაგრამ „იუნაიტედმა” კატალონიელებს შეუთვალა, რომ ამ ეტაპზე ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს. ფრანგი ნახევარმცველი ყველა ღონეს ხმარობს, რომ ახლა თუ არა, იანვარში ან გაისად ზაფხულში გადაბარგდეს „კამპ ნოუზე”. ცხადია, ყველაფერი ფასზე იქნება დამოკიდებული. „სპორტი” წერს, რომ პოგბას ამბავი ძალიან ჰგავს ფილიპე კოუტინიუს შარშანდელ ისტორიას.

გამოცემა ვარაუდობს, რომ სამიდან ორი ნახევარმცველი ერთი წლის შემდეგ ნამდვილად ბარსელონელი გახდება.