ჰამბურგში, სპორტის, ბიზნესისა და მას-მედიის 700 წარმომადგენლის თანდასწრებით, ევროპის ყველაზე დიდტირაჟიანმა ჟურნალმა, გერმანულმა „შპორტ ბილდმა” სპორტში გამოჩენილ ადამიანთა რიგით მე-16 დაჯილდოება მოაწყო. ჯილდოები სულ 9 კატეგორიაში დარიგდა.
„შპორტ ბილდის” რედაქტორის საგანგებო ჯილდო მიიღო „რეალის” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ტონი კროოსმა. მის დახასიათებაში წერია, რომ კროოსი არის პირველი გერმანელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო — 2013 წელს „ბაიერნის” შემადგენლობაში, ხოლო 2016, 2017 და 2018 წლებში „რეალის” მაისურით. ამასთან, კროოსს ბევრი სხვა სპორტსმენისგან ის თვისება გამოარჩევს, რომ დიდი წარმატების მიუხედავად უბრალო, კეთილ ადამიანად რჩება.
საუკეთესო ტელეექსპერტად მატიას ზამერი დაასახელეს. „შპორტ ბილდი” წერს, რომ ზამერი 2017-18 წლების განმავლობაში მაყურებელს თავისი დეტალური და დამაჯერებელი ტაქტიკური ანალიზით აკვირვებდა. ის თაჩსქრინთან იდგა და საუბრისას ისეთ წვრილმანებზე ამახვილებდა ყურადღებას, რომლებიც მაყურებლისთვის საინტერესო იყო.
ელექტრონული სპორტის ანუ ვიდეოთამაშების და ვირტუალური სამყაროს პირველ კაცად ვინმე რალფ რაიჰერტი დაასახელეს.
წლის „ქამბექისთვის” ანუ დიდ შედეგებთან ომახიანად დაბრუნებისთვის განკუთვნილი ჯილდო მძლეოსანს, წინაღობებით 3000 მეტრზე მორბენალ გესა ფელისიტას კრაუზეს გადასცეს. მან 2016 წელს, ამსტერდამში, ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგი გაიმეორა. ეს კრაუზემ 2017 წელს კენიელ ბეატრის ჩეპკოეჩთან შეჯახებისა და სხვა უიღბლობების შემდეგ მოახერხა.
„წლის ვარსკვლავი” 2018 წლის „უიმბლდონის” გამარჯვებული ჩოგბურთელი ანგელიკ კერბერი გახდა.
„წლის სიურპრიზი” კი სხვა ვინ იქნებოდა თუ არა გერმანიის ჰოკეისტ კაცთა ნაკრები რომელმაც პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე მეორე ადგილი მოიპოვა. გერმანული ჰკეისთვის ეს ფენომენალური მიღწევაა.
წლის საუკეთესო მწვრთნელისთვის განკუთვნილი ჯილდო „ბაიერნის” დღევანდელ თავკაც ნიკო კოვაჩს გადასცეს. „ბაიერნში” გადასვლამდე მისმა ფრანკფურტის „აინტრახტმა” სწორედ რეკორდმაისტერს მოუგო გერმანიის თასის ფინალში 3:1.
„წლის მოდელი” გახდა ალიონა სავჩენკო, რომელმაც ბრუნო მასოტთან ერთად პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ოქროს მედალი მოიგო. მან ერთგვარი რეკორდიც დაამყარა — თავის სახეობაში შეიქნა ყველაზე ასაკოვანი მოციგურავე ქალი, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა. სავჩენკო 34 წლისაა.
და ბოლოს, დიდი ცხოვრებისეული ღვაწლისთვის „შპორტ ბილდმა” ოტო რეჰაგელი დააჯილდოვა. რეჰაგელმა, როგორც მწვრთნელმა ბუნდესლიგაში 832 მატჩი ჩაატარა!