საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ეროვნული გუნდი 3 სექტემბერს თბილისში შეიკრიბება. ქართველი ფეხბურთელები 3 და 4 სექტემბერს წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის თბილისში მოემზადებიან.
ჩვენი გუნდი ასტანაში 5 სექტემბერს გაემგზავრება.
6 სექტემბერს კი ასტანაში ყაზახეთთან მატჩით ერთა ლიგის გათამასებას დაიწყებს. თამაში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. 9 სექტემბერს კი თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველო-ლატვია შედგება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან და ლატვიასთან დაგეგმილი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეროვნულ გუნდს თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე დაუბრუნდნენ. ნაკრებში ამ დროისთვის ერთი დებიუტანტია, ტრავმირებულ გიორგი მაკარიძეს, თბილისის „საბურთალოს“ მეკარე ლაზარე კუპატაძე შეცვლის.
მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), დავით ხოჭოლავა (შახტარი დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი)
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)
მკაფიო დანაკლისი – რა თქმა უნდა, ჯანო ანანიძე. ბოლომდე გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო, თუმც ეს გაზაფხულშივე ცნობილი იყო. ასევე ტრავმირებულია გიორგი ჭანტურია და როგორც უკვე ვთქვით, მაკარიძეც. ვაისის სიაში 12 ნახევარმცველია, აქედან 8 შემტევი ყაიდისა.
საერთოდ, ნახევარდაცვაში დიდი კონკურენციაა. ვაისს ვარირების საშუალება ექნება. ბევრია თანაბარი დონის ფეხბურთელი და რთული სათქმელია, ვინ დაიწყებს ყაზახეთში (ეს უფრო შემტევ ნახევარმცველებს ეხებათ).
ცნობილია კიდევ ექვსი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც მწვრთნელი ამ დროისთვის ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს – ლევან გეგეჭკორი (ტორპედო), ლაშა შერგელაშვილი (რფს, ლატვია), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ბუდუ ზივზივაძე (დინამო თბილისი)