• გავიგე, ამხანაგურებისთვის გიყურებია.
  • კაი ამხანაგურიც ეგ იყო. თუ თამაში ამხანაგურია, ფრედ უნდა დამთავრდეს.
  • რატომ?
  • აბა, რა ამხანაგობაა, თუ მე მოგიგე…
  • ამხანაგური იმიტომ ჰქვია, რომ იმის მოგებით ვერაფერს მოიგებ.
  • აბა კანუ და მიოლერი ამხანაგები არიან?
  • ეგ რა შუაშია?
  • თუ ამხანაგები არ არიან, როგორ ითამაშებენ ამხანაგურად?
  • ეგრე არ შეიძლება. შეკითხვები მე უნდა დაგისვა.
  • დამისვი, ძმაო, შენ რაღაცეებს ამბობ და მე რა ვქნა?
  • კარგი. აბა რას ნიშნავს ამხანაგური თამაში?
  • ამხანაგური თამაში უმიზეზოდ დედის შეგინებას ნიშნავს. აი, პროსტო რო უთხრა კაცს, მე მაგარი ვარ, შენ ბითურიო.
  • ესე იგი, კარემბუს ამხანაგი არ ჰყავს?
  • კარემბუს და მთელ მაგ ბრიგადას ერთადერთი ამხანაგი ჰყავს – ჟან მარკ ბოსმანი. ოღონდ ახლა არავინ არ იცის, სად არის.
  • სად არის?
  • ბოლოს დიმიტროვის სტადიონზე უნახავთ, გუნდში მიმიღეთო, იხვეწებოდა.
  • მათეუსს ჰყავს ამხანაგი?
  • მათეუსის ყველა ამხანაგი მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა. მათეუსს მარტო შვილიშვილები ჰყავს.
  • ამხანაგურებზეც მაგიტომ არ ეძახიან?
  • მე თუ მკითხავ, ეგეთ კაცს უნდა დაუძახო ამხანაგურ თამაშზე. აბა, ზიდანის შეწუხება იქნება?
  • რა მაგარია ეს გარი კელი, როგორ უნდოდა გატანა. არ მოგეწონა?
  • გაიტანდა კიდეც, ირლანდიურ წესს რომ არ შეეშალა ხელი.
  • რა წესია ეგეთი?
  • გოლი კომბინაციით არ უნდა გავიდეს, არამედ შემთხვევით. ეგ კიდევ სულ კომბინაციას ხლართავდა.
  • არგენტინამაც ამიტომ მოუგო?
  • აბა რა, მე მაინც კელი მირჩევნია ბატისტუტას.
  • რატომ?
  • აბა რა არის საინტერესო ბატისტუტას თამაშში? მოიქნევს – გაიტანს, მოიქნევს – გაიტანს. დიდი-დიდი, ძელს მოახვედროს. გარი კელი კიდევ მაღლა გააფრენს, დაბლა გააფრენს – სულ აცილებს, უფრო მიმზიდველია.
  • კასკარინოზე რაღას იტყვი? იმანაც ხომ მოარტყა ძელს?
  • კასკარინო უნდა ჩადგეს პარაგვაის ნაკრების კარში და პარაგვაი მსოფლიოს ჩემპიონი გახდება.
  • რატომ?
  • იმიტომ, რომ ჩილავერტს თავდასხმაში თამაშის საშუალება მიეცემა. გოლის გამტანი ხომ უნდა ჰყავდეს იმ პარაგვაის?
  • არ ჰყავს გოლის გამტანი?
  • კოსტაკურტა ჰყავს, მაგრამ ყოველთვის იტალიას ხომ არ შეხვდება?
  • ამერიკამ რომ მოუგო ავსტრიას, ამაზე რაღას იტყვი?
  • კალათბურთი რომ ყოფილიყო, არ გამიკვირდებოდა. არც იმ თამაშში იყო რაიმე ამხანაგური.
  • ჰოდლიც გახარებული ყოფილა. ბოლოს და ბოლოს მოვიგეთო.
  • აი, გულზე ხელი დაიდე და ისე მითხარი, ინსი ეთამაშება ვინმეს ამხანაგურად?
  • რატომ მეკითხები?
  • ეჰ, დასუსტდა რუსეთი.
  • კი, თურქებთან გაუჭირდა.
  • მაგას არ გეუბნები, ინსის არსებობა რომ იცოდნენ, ხომ გაუშვებდნენ ჩეჩნეთში? ერთ დღეში აიღებდა.
  • ესე იგი, ინსის მეშვეობით მსოფლიოს ჩემპიონიც გახდება კაცი.
  • ეჰ, ფეხბურთი რომ ომი იყოს, კი, მაგრამ ორტეგასნაირი რომ დაგეჩითება რაღა ომზეა ლაპარაკი? სულ იმის ცდაშია, როგორ მოგატყუოს.
  • და გაზა?
  • რა გაზა?
  • გაზა რატომ არ თამაშობს ამხანაგურად?
  • გაზას ხომ დაავიწყდა?
  • რა?
  • რომ ფეხბურთელია.
  • შირერს გაახსენდა და გაზას დაავიწყდა?
  • შირერს დავიწყებული ჰქონდა, რომ სხვაც ფეხბურთელია და ახლა გაახსენდა, რომ თვითონაც ფეხბურთელია.

25.04.1998

წილი
წინა სტატიამილნერი და მისი მშობლიური ენა
შემდეგი სტატიამოკლე ისტორია ქალაქელთა კლუბისა
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.