ახლა, რახან ინგლისში საფეხბურთო სეზონი დაიწყო და ოთხ იქაურ ლიგაში ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, გაზეთები და გამორჩევით “სარბიელი” ყოველ იქაურ ნაბიჯს აღბეჭდავდნენ ხოლმე თავის ფურცლებზე.
ჩვენებური მკითხველი ისე გაუშინაურდა ალბიონის ფეხბურთს, რომ მისი გაკვირვება ძნელია და სიმართლე ითქვას, აღარც არის საჭირო.
გამოთვლილი მაქვს, რომ ჩვენს გაზეთებში ყველაზე ხშირად სიტყვა “სიტი” იხმარება, რაც მოულდნელი არ არის იმ ცნობილი მიზეზის გამო, რომ მანჩესტერის მეორე ცნობილ გუნდში იღწვიან ჩვენები – ქინქი და ყაველა.
მანჩესტერ სიტი… ეჰ, ძმებო ქომაგებო, იყო დრო როდესაც მეტიჩარა იუნაიტედელებს ამ ქალაქში არც დაალაპარაკებდნენ და პატივს მხოლოდ CITI-ZEN-თა (ანუ ქალაქელთა) კლუბს მიაგებდნენ.
სიტიო, ამოიკითხავთ ძველ დავთრებში, 1894 წელს დაარსდა თავისი დღევანდელი სახელითო. ჩვენ კი ეს თარიღი თხუთმეტი წლით უკან უნდა გადავწიოთ, რადგან სარწმუნო ფოლიანტები გადმოგვცემენ, რომ კლუბი უფრო ადრე შექმნილა.
სიტის საძირკველი ყოფილა ორდვიკ ფკ, რომელიც 1887 წელს დაარსებულა, თუმცა, არც ეს ორდვიკი ყოფილა პირველი, რადგან 1880 წელს წმინდა ბარკოზის ეკლესიის კლუბს ვესტ გორთონის უბანში, თავისი საკრიკეტო სექციისთვის საფეხბურთო დაუმატებია. 1884 წელს გორთონის საფეხბურთო კლუბი გორთონ ატლეტიკს გამოჰოფია და სამ წელიწადს კლუბად უარსებია. მერე უბანი შეუცვლია და ორდვიკი გამხდარა, 1894-ში ორდვიკი გაკოტრებულა და მის ადგილას ქალაქელთა კლუბი დაარსებულა.
სიტი სახელოვანი გუნდი შექმნილა – ლეგენდარული ბობ მერედიტი კლუბის სახელი და დიდება ყოფილა. სიტი ჩემპიონი გამხდარა 1899 და 1903 წლებში და 1904 წელს თასიც მოუგია.
ამის მერე ინტრიგების, ქრთამების, ჯარიმების და საფეხბურთო ასოციაციების მრისხანების გამო სიტიმ მეორე დივიზიონში ამოჰყო თავი. ხოლო ოხერმა და მოხერხებულმა იუნაიტედის პატრონმა ნიუტონ ჰითმა თავისი კლუბი გაქაჩა.
განა გასაკვირია, რომ ქალაქელები ვერ იტანენ წითელ კოხტაპრუწებს ოლდ ტრეფორდის მინდვრიდან?
1909 წელს სიტი პირველი დივიზიონში დაბრუნდა, 1923 წლიდან კი სამუდამოდ დამკვიდრდა მეინ როუდის სტადიონზე.
შემდეგ სიტი კვლავ გავარდა, ხოლო 1929 წელს დაბრუნდა. სახელოვანი მატ ბასბის (შემდგომში დიდი ინგლისელი მწვრთნელი) კაპიტნობით სიტიმ 1934 წელს თასი მოიგო, მომდევნო წელს კი ჩემპიონობა.
ასეთია ამ კლუბის ბედი – შემდეგ სიტი კვლავ გავარდა და 1947 წელს დაუბრუნდა უმაღლეს დივიზიონს.
ცხრა წლის შემდეგ კი კვლავ მოიგო თასი, მაშინ სიტის დონ რივი წვრთნიდა.
სიტი ახირებული რეკორდთა გუნდიც გახლდათ. 1957-58 წლების სეზონში სიტიმ 164 გოლი გაიტანა და 100 გაუშვა.
თუ საუკუნის დასაწყისს არ ჩავთვლით, ქალაქელთა ოქროს ხანად სამოციანი წლების მეორე ნახევარი უნდა ჩაითვალოს, ხუთ წელიწადში გუნდმა რამდენიმე ჯილდო მოიპოვა და 1970 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასიც მოიგო.
ამ წარმატებას რომ ახსენებენ სიტის ქომაგები, გამორჩეული პატივით იგონებენ მაშინდელ მენეჯერ ჯო მერსერს და მის თანაშემწეს მალკოლმ ალისონს.
ის დღეა და ის დღე, სიტი ლიგებს შორის მოგზაურობს. ერთადერთი პატივი, რაც ამ წლებში ქალაქელებმა მოიპოვეს, ისაა, რომ 1992 წელს პრემიერლიგის დამაარსებელთა რიცხვში მოხვდნენ.
ასეთია ამ კლუბის ბედი და რა ვქნათ? თითქმის მთელი ცხოვრება ლიფტში გაუტარებია, ზევით-ქვევით სიარულში.
ინგლისში ასეა, ძველად სახელოვანი კლუბები სადღაც სარდაფებში ცვივიან, სად არის პირველი ჩემპიონი პრესტონ ნორს ენდი? ან ჰადერსფილდ თაუნი?
მაგრამ ინგლისში აღორძინების ტრადიციაც არსებობს, ოთხმოც წელიწადს ელოდა აღზევებას ბლექბერნ როვერსი და აღზევდა, სამოცდაცხრა წლის წინ იჩემპიონა ნიუკასლმა და ახლა გუნდად იქცა.
ამიტომ – სიტი ამოყვინთავს.
ველოდოთ.
24.08.1996