„მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებმა პატარა თვითმფრინავი დაიქირავეს, რომელსაც ბანერს ჩამოჰკიდებენ. ბანერზე ეწერება: ED OUT — LUHG!

ჯერ განვმარტოთ ეს რას ნიშნავს. ED OUT სხვა არაფერია თუ არა „წავიდეს ედი”, ხოლო ედი კლუბის ვიცე-თავმჯდომარე და აღმასრულებელი შეფი ედ ვუდვორდი  გახლავთ. სწორედ ის კაცია, ჟოზე მოურინიუს ამ ზაფხულს მცველი რომ არ უყიდა.

რაც შეეხება LUHG-ს ეს არის: Love United Hate Glazer ანუ გიყვარდეს იუნაიტედი და გძულდეს კლუბის ამერიკელი მეპატრონე,, მილიარდერი გლეიზერი. უფრო სწორედ ორნი არიან, ჯოელი და ავრამი.

ეს თვითმფრინავი 2 სექტემბერს, ბარნლის სტადიონის „ტარფ მურის” თავზე გადაიფრენს. რატომ 2 სექტემბერს და არა ახლა ორშაბათს, 27 აგვისტოს, „ოლდ ტრეფორდზე” „ტოტენჰემთან” საშინაო თამაშის დღეს? იმიტომ, რომ იმ დღეს რაღაც კანონი გამოტყვრა, რომელიც ბანერებით ფრენის უფლებას არ იძლევა.

ამრიგად, გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს ვუდვორდს შეუტიონ და არა მოურინიუს.

მეორე მხრივ სამართლიანიბა მოითხოვს აღინიშნოს, რომ 2016 წლის მაისის შემდეგ ანუ მას მერე, რაც პორტუგალიელმა „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელის თანამდებობაზე ლუის ვან გაალი შეცვალა, ედ ვუდვორდმა მოურინიუს 302 მილიონი გირვანქის ფეხბურთელები აყიდინა.

ასეთი პროტესტი „იუნაიტედის” ფანებისთვის სიახლე არ არის. მათ ერთხელ უკვე ააფრინეს ბანერიანი თვითმფრინავი, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონის მემკვიდრის დევიდ მოიესის თავიდან მოშორება უნდოდათ. ეს 2014 წლის მარტში, „ასტონ ვილასთან” თამაშის დღეს მოხდა, მაგრამ მაშინ ჯერ ერთი ფერგიუსონის ხათრით ამ აქციას ყველა არ ემხრობოდა და მეორეც „იუნაიტედმა” 4:1 მოიგო და მწვრთნელის დაბალ კვალიფიკაციაზე ლაპარაკი რაღაც ვერ გამოვიდა.

მოიესმა მაშინ კიდევ ოთხი თამაში გაძლო.