კრიშტიანუ რონალდუმ გაიხსენა, როგორ აუკრძალა სერ ალექს ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშის წლებში ზედმეტი ფინტების კეთება, კერძოდ კი ბურთზე ფეხის ბევრჯერ გადატარება. „სანი” წერს, რომ სერ ალექსისთვის რონალდუ მის 26 წლიან ეპოქაში ალბათ ყველაზე ძვირფასი მარგალიტი იყო, რომელიც ლეგენდარულ მწვრთნელს გამორჩევით უყვარდა.

პორტუგალიელი ვარსკვლავი „მანჩესტერ იუნაიტედში” ლისაბონის „სპორტინგიდან” 2003 წელს გადავიდა. მაშინ ის 18 წლისა იყო და „წითელ ეშმაკებში” პირდაპირ დევიდ ბექემის 7 ნომრიანი მაისური მისცეს.

შემდეგ ფერგიუსონმა რონალდუ დახვეწა, რის შედეგადაც თავდამსხმელმა „იუნაიტედში” „ოქროს ბურთიც” მოიგო და ჩემპიონთა ლიგაც.

2009 წელს რონალდუ „რეალში” გადავიდა და კიდევ ოთხჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში. რაც შეეხება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას, ის პორტუგალიელს სულ ხუთჯერ ხვდა.

ვიდეო სტრიმინგის უმსხვილეს სერვისთან, DZAN-თან ინტერვიუში ახლა უკვე „იუვენტუსის” მოთამაშემ ასე მოიგონა:

„კარიერის დასაწყისში ალექს ფერგიუსონი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. „სპორტინგიდან” „მანჩესტერ იუნაიტედში” რომ გადავედი, პორტუგალიური მენტალიტეტი მქონდა. ძალიან ბევრჯერ ვატარებდი ბურთზე ფეხს და ამის გამო მოქმედებას ყველაზე სწორ მომენტში არ ვიწყებდი.

ფერგიუსონმა მასწავლა რა როგორ უნდა მეკეთებინა. პრემიერლიგაში მაგალითად, იოლად არ ეცემიან, ძლიერები არიან.

ბევრჯერ მითქვამს, რომ ყველაფერი მან მასწავლა. მამასავით მყავდა. „მანჩესტერ იუნაიტედში” ძალიან დამეხმარა”.

სერ ალექს ფერგიუსონის სწავლების შედეგად რონალდუმ ფუჭ ფინტებს რომ თავი დაანება, რად უნდა ლაპარაკი. „ოლდ ტრეფორდზე” მიღებული გამოცდილება შემდეგ მან „სანტიაგო ბერნაბეუზე” შესანიშნავად გამოიყენა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, „რეალიდან” წასვლის გადაწყვეტილება მაინც იოლად მიიღო.

„არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე „იუვენტუსში” ვითამაშებდი, მაგრამ ბევრი რამ ბუნებრივად მოხდა და ისე გამოვიდა, რომ წასვლის შესახებ გადაწყვეტილება იოლად მივიღე.

ის, რაც მადრიდში გავაკეთეთ დაუჯერებელი იყო. მე ამ გუნდში ყველაფერი მოვიგე, ჩემი ოჯახი იქ ცხოვრობს, მაგრამ „რეალი” უკვე წარსულის ნაწილია”.