უეფას გალა-დაჯილდოვება 30 აგვისტოს გაიმართება მონაკოში. ამ დღეს დაჯილდოვდება ასევე საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი და ამერიკული „სან ხოსეს“ ფეხბურთელი გურამ კაშია.
რა ჯილდოა? #EqualGame – ასე ეწოდება და წლეულს დააწესდა.
„უეფა ამ პრიზით ამბობს, რომ ფეხბურთით შეუძლია იყოს დაკავებული ყველა, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ასაკისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, სოციალური მდგომარეობისა და რელიგიისა, – უეფას პრეზიდენტის ალექსანდრ ჩეფერინის სიტყვებს უეფასვე ოფიციალური საიტი ციტირებს.
გეხსომებათ, გასულ სეზონში, არნემის „ვიტესში“ როცა თამაშობდა, ერთ-ერთ მატჩზე ლგბტ-ის მხარდამჭერი სამკლავური გაიკეთა. ეს წერია უეფას საიტზე და ისიც აღნიშნულია, რომ ამ ჟესტის გამო, კაშიას დიდი პრობლემები შეექმნა საქართველოში.
აი, რას აცხადებს ალექსანდრ ჩეფერინი: „გურამს ვულოცავ, ის ძლიერი ხასიათის მქონე პიროვნებაა. გურამმა ღირსეული ადგილი დაიკავა ლგბტ-ის მხარდამჭერთა საზოგადოებაში, იმსახურებს ამ ჯილდოს. მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო სხვადასხვა ჯგუფებიდან ემუქრებოდნენ, კაშიამ მოთმინება გამოიჩინა“.
თავად კაშიას კომენტარი: „ჩემთვის დიდი პატივია, რომ უეფამ მე მარგუნა ჯილდო #EqualGame. მჯერა, რომ ცხოვრებაში თანასწორი უფლება უნდა ჰქონდეს ყველას. მადლობას ვუხდი უეფას პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინს და ყოველთვის დავიცავ თანასწორობას, სადაც არ უნდა ვთამაშობდე“.