ისტორიული წარმატების ზღვარზეა ქუთაისის ,,ტორპედო”. ერთი ნაბიჯიც და ევროპალიგის პლეი ოფში გასული იმერული გუნდი ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება. მეტოქეც ამ ეტაპის შესაბამისი და ერთობ სოლიდურია – რაზგრადის ,,ლუდოგორეცი”, ბულგარული კლუბი, რომელიც არსებობის მოკლე, 17- წლიან პერიოდში ტიტულების სამჭედლოდ იქცა.

თავად განსაჯეთ: ,,არწივებმა” შვიდჯერ შეძლეს შიდა ჩემპიონატის მოგება და ამას ორი თასი და სამი სუპერთასიც დაუმატეს. ყველაზე დიდ ევროპულ წარმატებას „ლუდოგორეცმა“ 2014 წელს მიაღწია, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კარი შეაღო. ეს კი ერთი დრამატული ისტორიაა და მოყოლადაც ღირს…

მოკლედ, რვა წლის წინ ,,ლუდოგორეცი” ბულგარელმა ბიზნესმენმა კირილ დომუსჩიევმა შეიძინა და ერთ წელში გუნდი ქვედა დივიზიონიდან უმაღლესში აღაზევა და ოქროს ხანაც დაიწყო. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შეღწევის ორ წარუმატებელ მცდელობას, მესამედ დიდი ტრიუმფი მოყვა. გადამწყვეტ მატჩში ბულგარელებს რუმინულ ,,სტიაუასთან” ბუქარესტული 0-1 ჰქონდათ ამოსაქაჩი. ერთადერთი გოლი ,,არწივებმა” 89-ე წუთზე გაიტანეს.

კოზმინ მოცის გადამწყვეტი პენალტი

დამატებით დროში ბულგარელებს მეკარე გაუძევეს და ვინაიდან შეცვლების ლიმიტი ამოწურული ჰქონდათ, კარში ცენტრალური მცველი კოზმინ მოცი ჩადგა, რომელმაც პენალტების სერია შედეგიანი დარტყმით გახსნა, მერე კი მეტოქის ორი პენალტი მოიგერია და გუნდს ჯგუფური ეტაპის საგზური მოუტანა. აი, ასეთი გუნდია დღეს ქუთაისელთა მეტოქე და რა გასაკვირია, მათი მწვრთნელი პაულო აუტუორი გამარჯვებას რომ გეგმავს თბილსურ მატჩში. ამის შესახებ სტუმართა თავკაცმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანვე თქვა,რომ ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს და გუნდში შესანიშნავი განწყობააო.

ევროპის ლიგი პლეი ოფამდე „ლუდოგორეცმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიის „კრუზეიდერს“ აჯობა (0:0, 2:0), მეორე საკვალიფიკაციოზე კი (0:0, 0:1) უნგრულ „მოლ ვიდისთან“ დაყარა ფარ-ხმალი. ბულგარელებმა ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლეს და იქ უკვე ბოსნიურ „ზრინსკის“ (1:1, 1:0) აჯობეს…

„ტორპედომ“ „ლუდოგორეცთან“ მატჩის წინ „მიხეილ მესხზე“ ივარჯიშა

სტუმრებზე სიტყვა გაგვიგრძელდა და ცოტა რამ ჩვენებზეც ვთქვათ…

მიმდინარე ევროსეზონი ქუთათურთათვის უკვე წარმატებულია, რაკიღა, პრესტიჟდაკარგული ქართული ფეხბურთის რეალობიდან გამომდინარე, მართლაც დასაფასებელია ქართული კლუბის პლეიოფში მოხვედრა, თუმც ისიც სათქმელია, რომ საშუალო დონის ევროპულ კლუბს ,,ტორპედო” აქამდე არ გადაყრია და ნამდვილი გამოცდაც ეს იქნება…

როგორც მიმინო ბეღურებთან, ისე მოსჩანს „ლუდოგორეცი“ ქუთაისელთაგან აქამდე ძლეული ფარერული „ვიკიმგურისა“ და ალბანური „კუკესის“ ფონზე, თუმც, ნებისმიერ შემთხვევაში, ,,ტორპედოს” დასაკარგი არაფერი აქვს.

ტორპედოს მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ქომაგს მხარდაჭერისკენ მოუწოდა

მათ უკვე იმაზე მეტი სარეიტინგო ქულა შემატეს საქართველოს, ვიდრე ბოლო ოთხ ევროსაკლუბო სეზონში ერთად აღებულმა ყველა ქართულმა გუნდმა.

მნიშვნელოვანია ფინანსური მოტივაციაც. ამ ეტაპზე მოხვედრით გუნდმა დაახლოებით მილიონი ევრო გამოიმუშავა და ჯგუფურ ეტაპზე შეღწევა მინიმუმ გაუსამმაგებს შემოსავალს იმერულ კლუბს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდის თავკაცმა,კახა ჩხეტიანმა თანადგომა და სტადიონზე მოსვლა თხოვა ქომაგს. ისევ და ისევ ბედოვლათი ქართულფეხბურთული ვითარებიდან გამომდინარე ,,ტორპედო” საშინაო არენაზე ვერ ასპარეზობს, თორემ ქუთაისში ,,რამაზ შენგელია” აუცილებლად გაივსებოდა…

მოკლედ, ხუთშაბათი. თბილისი. ,,მიხეილ მესხი”. 20 საათი.

ერთად დავუდგეთ ,,ტორპედოს”!