გარი ნევილმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ვიცე-თავმჯდომარეს, აღმასრულებელ შეფს ედ ვუდვორდს ბრალი ჟოზე მოურინიუსთვის ძირის თხრაში დასდო. ნევილი გააღიზიანა ვუდვორდის სეზონისწინა პრესკონფერენციამ, სადაც მან ჟურნალისტებს განუმარტა, თუ რატომ არ იყიდეს „წითელმა ეშმაკებმა” მცველი, რომელიც პორტუგალიელ მწვრთნელს ასე სჭირდებოდა.
ნევილმა თქვა: „ვუდვორდმა ახსნა, რატომ არ იყიდა „მანჩესტერ იუნაიტედმა” ჟოზესთვის სასურველი მცველები. მან თქვა ფრაზა, „ამიტომაც არ დავუჭირეთ მოურინიუს მხარიო” — თავი იმართლა მას-მედიის წინაშე. ვფიქრობ, ასეთი თავის მართლება გვიანი იყო. თუკი სულ ახლახან, იანვარში მწვრთნელს კონტრაქტი გაუხანგრძლივე, კეთილი ინებე და ბოლომდე მხარში ამოუდექი. ჩემი რწმენით მოურინიუ „იუნაიტედში” ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე უნდა დარჩეს და კლუბმა მხარი ბოლომდე უნდა დაუჭიროს.
სწორედ გამიგეთ, „მანჩესტერ იუნაიტედმა” მოურინიუ აიყვანა და დიდძალი ხელფასი დაუნიშნა, მაგრამ როგორც ვარდს ვერ მოწყვეტ სანახევროდ ანდა სახლს ვერ ააშენებ სამი მეოთხედით, ისევე ვერ შექმნი გუნდს. რაკიღა კლუბმა მწვრთნელს იანვარში კონტრაქტი გაუხანგრძლივა, ახლა ვალდებულია საქმე ბოლომდე მიიყვანოს”.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა”, რომელმაც ჟოზე მოურინიუს 2020 წლამდე გაუხანგრძლივა კონტრაქტი, მწვრთნელს ვერც „ლესტერის” ჰარი მაგუაირი უყიდა და ვერც „ტოტენჰემში” დაწუნებული ტობი ალდერვეირელდი. იყო ბარსელონელი იერი მინას ვარიანტიც, მაგრამ მინამ „იუნაიტედის” ნაცვლად 28,5 მილიონად „ევერტონში” ამოჰყო თავი.
ნევილმა განაგრძო: „როდესაც მანჩესტერელთა მცველებს ვუყურებ, მეეჭვება, რომ ეს გუნდი პრემიერლიგის ჩემპიონი გახდება. არ აქვს მნიშვნელობა მოურინიუს სამსახურში დატოვებენ თუ გაუშვებენ, გუნდს ახალი მცველები სჭირდება”.
შემდეგ, ნევილმა ვუდვორდი ბრაიტონში 2:3 წაგების შემდეგ ჩადენილი საქციელისთვისაც გააკრიტიკა. მან თქვა: „თამაში რომ დამთავრდა ადექი, მიდი შენს კოლეგასთან, ჩამოართვი ხელი, გამარჯვება მიულოცე, იყავი დიდსულოვანი ადამიანი. ვუყურებდი ედ ვუდვორდს და მორიგ იმედგაცრუებას ვხედავდი”.