როგორ, ფიქრობთ, ვინ უფრო უკეთ იცნობს ინგლისურ პრემიერლიგას? კლუბების მენეჯერები? მწვრთნელები? ფეხბურთელები თუ ჟურნალისტები?

ნურას უკაცრავად!

ბუკმეიკერები, უხილავი ფრონტის ყოვლისმცოდნე აგენტები, რომლებიც საკუთარი ინფორმაციის თითოეულ მისხალზე დიდი ფულით აგებენ პასუხს.

ჰოდა, ამ ბუკმეკერებმა თქვეს, ინგლისურ პრემიერლიგაში მწვრთნელთაგან გაძევების უპირველესი კანდიდატი „მანჩესტერის“ პორტუგალიელი დამრიგებელი ჟოზე მოურინიუაო. მის „პირველობაზე“ კოეფიციენტი 4.5 გახლავთ.

მეორე „საპატიო“ ადგილზე მოსახსნელთა შორის „ლესტერის“ დამრიგებელი კლოდ პიუელია – 5.0, ხოლო „ნიუკასლიდან“ რაფაელ ბენიტესის უსწრაფესად დეპორტაციაზე კოეფიციენტი 7.0 არის.

ტოტალიზატორები ფსონებს „მანჩესტერის“ ახალი დამრიგებლის თაობაზეც იღებენ. მაურიციო პოჩეტინოს ფანებს ყოველ ფუნტზე 6.85-ს პერსპექტივა კი აქვთ, მაგრამ ამ ამბავში ფავორიტი მაინც ზინედინ ზიდანია. ფრანგი მწვრთნელისთვის განკუთვნილი 2.89 კოეფიციენტი იმის წყალობაცაა, რომ ამას წინათ თავად ბრძანა, მანჩესტერელებს სიამოვნებით ვუსარდლებდიო.

ზიზუს მიერ გაცხადებული სურვილი ოდნავ არაკოლეგიალური კია, მაგრამ პორტუგალიელი სუპერმწვრთნელის და ფეხბურთის ფრანგი ლეგენდის ურთიერთობა დიდი მოწიწებით არც აქამდე გამოირჩეოდა.

წილი
წინა სტატიაგოლი ლამის საქართველოდან
შემდეგი სტატიაკაპიტნებმა ამერიკას უარი უთხრეს
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".