ესპანური „ლა ლიგა“ სერიოზულ შარშია. 16 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ლიგამ საფეხბურთო კლუბების გვერდის ავლით კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ კომპანია Relevent Sports – თან. კონტრაქტი 15-წლიანია და ესპანეთის ჩემპიონატის ჯერაც დაუზუსტებელი ოდენობის მატჩების აშშ-ში გამართვას ითვალისწინებს. ვარაუდობდნენ, რომ პირველი მატჩი ოკეანის გადაღმა უკვე ნაახალწლევს გაიმართებოდა.

ამერიკული მხარის მოთხოვნით, პირველ შეხვედრაში სამი გრანდიდან ერთ-ერთს – „ბარსელონას“, „რეალს“ ან „ატლეტიკოს“ უნდა მიეღო მონაწილეობა. შესაძლოა, გეგმები ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციამ არიოს. ოთხშაბათს ამ ორგანიზაციის ოფისში „ლა ლიგის“ ოცივე გუნდის კაპიტანი შეიკრიბება და სავარაუდოდ, აშშ-ში მატჩების გამართვის წინააღმდეგ განცხადებას მოაწერს ხელს.

ესპანური ფეხბურთის ელიტას ისედაც გადატვირთული გრაფიკის გადამკიდეს, ნამდვილად არ სურს ტრანსატლანტიკური გადაფრენებიც დაივალოს. წინაღმდეგნი არიან ფანკლუბებიც, რომლებსაც თეორიულად სეზონის ყველაზე პრინციპული დაპირისპირებების ტრიბუნიდან ხილვის უფლებას ართმევენ.

აღმოჩნდა, რომ ლიგის გეგმების შესახებ არც ესპანეთის სამეფო საფეხბურთო ასოციაცია ყოფილა ინფორმირებული. ვნახოთ. ოთხშაბათს კაპიტნები იტყვიან და სავარაუდოდ „ლა ლიგა“ „რეალს” და „ბარსელონას“ ამერიკაში ვერ გააფრენს…