არ ვაპირებდით ამ თემაზე გამოხმაურებას. მერე რა, რომ საქართველოს ნაკრების წევრებმა რუსული დროშის ფერებში გადაწყვეტილი და ოსეთის პარლამენტის დეპუტატ თედეევის გამოსახულებიანი მაისურები ჩაიცვეს. აკი თავადაც მოინანიეს და მოიბოდიშეს – მასპინძელს ვეცით პატივი და ფერთა გამაზე ყურადღება სულაც არ გაგვიმახვილებიაო.

„მთელ მსოფლიოს აცვია მაისურები, რომლებზეც გენო პეტრიაშვილი, ზურაბ იაკობიშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილია გამოსახული. მთელი მსოფლიო რომ ჩვენ დროშას აქვეყნებს და მთელი ევროპის კონტინენტი რომ ჩვენ ჰიმნს იზეპირებს, ამაზე რატომ არ საუბრობთ? ჭიდაობის ფედერაცია რომ ესეთი წარმატებულია, ვინმეს უკითხავს? მოვიდნენ და ნახონ, რა პირობებში ვვარჯიშობთ და რა შედეგები გვაქვს. და ჩვენი ბიჭები მაისურებს ჩაიცვამენ, თუ არ ჩაიცვამენ, ეს არავის საქმე არაა. მაშინ ერთ რამეს გეტყვით: როდესაც ტატუნაშვილი გადმოასვენეს, ზუსტად ეგ კაცი ჩაერია, მოსკოვიდან ჩამოვიდა და მაგან გადაწყვიტა, რომ დღეს ეს კაცი ოჯახშია დასაფლავებული. იცით ვინმემ ეს ამბავი? უცებ მტერი რომ გახდა ჩვენი. ზუსტად თედეევმა გააკეთა ეს საქმე, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს და მხოლოდ მაისურზეა ლაპარაკი“, – თქვა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ.

ეს ამბავი ჩვენი მხრიდან ასევე უხმოდ ჩაივლიდა, რომ არა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის თავხედობა.

დიახ, თავხედობის გარდა ვერაფერს დავარქმევთ ფრაზას, არავისი საქმე არაა, როგორ მაისურს ჩაიცვამენ ჩვენი ნაკრების წევრებიო…
თურმე, სულაც არ ყოფილა იმ ხალხის საქმე, ვისი ბიუჯეტიდანაც ბატონი გეგეშიძე ხელფას-პრემიას იღებს. მოჭიდავეებს არას ვერჩით და ისევ ერთგულ ქომაგებად დავურჩებით, რადგან ცხადია, რომ რუსული დროშით შეფერილი მაისურები სულაც ფედერაციის დასტურით ყოფილა გადაცმული.

საქართველოსთვის ჭიდაობა მხოლოდ სპორტი არასოდეს ყოფილა. ლაშა შავდათუაშვილის ბრინჯაოს ბრძოლა რიოში რუს მეტოქესთან და საქართველოს დროშაზე მითითება მხოლოდ ძიუდო არ ყოფილა.

შეადაროს ბატონმა გეგეშიძემ ეს ორი კადრი და მერე დაღლამდე ვიკამათოთ, ვის უფრო მეტი ძმაკაცი ან ნათესავი გვყავს ოსებს შორის.
გავჩუმდებოდით. ჩავყლაპავდით. გავატარებდით… აქეთ რომ არ შემოგეტიათ.

ამ სიტყვებისთვის ახლა ბოდიშს ველით…

 

 

 

 

 

 

 

 

წილი
წინა სტატიანული-ტური
შემდეგი სტატიარა ღირს ბარსას სკამი?
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".