როგორი სხვანაირი იყო 25 წლის წინ დროც და ფეხბურთიც. ზუსტად მეოთხედი საუკუნის წინ, თბილისის “დინამომ“ პირველად ითამაშა ევროტურნირებზე საქართველოს სახელით. სამწლიანი იზოლაციის მერე, ეს პირველი გასვლა იყო და ხალხი სხვაგვარი ინტერესით ელოდა.
ჩემპიონთა ლიგა, საკვალიფიკაციო ეტაპი. თბილისის “დინამოს“ სტადიონი, სადაც გივი ნოდიას გუნდი მასპინძლობდა ჩრდილოირლანდიურ “ლინფილდს“.
არანორმალური სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ 2:1 მოვიგეთ. ასეთი უპირატესობა მხოლოდ, აი, პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი “ბარსელონა“ რომ იქმნიდა ხოლმე, მაშინ მახსოვს. შემდეგ სტატისტიკა გამოქვეყნდა და თუ სწორად მახსოვს, ოცჯერ დავარტყით კარის ჩარჩოში, სადაც იდგა ვინმე ლემონდი. მეკარე, რომელსაც ის საღამო ნაღდად არ დაავიწყდება – სასწაულები ჩაიდინა. არადა, თავისი ქვეყნის ნაკრების ძირითადის კაცი არ იყო.
იმ საღამოს ყველაზე ლამაზი მომენტი შოთა არველაძის გოლი იყო. ერთი მშვენება იყო გიორგი ქინქლაძისა და გოჩა ჯამარაულის თამაში. გიორგი ნემსაძის მაგარი გარღვევაც დამამახსოვრდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს დაცვა საერთოდ არ სჭირდებოდათ. ასე ეგონებოდა ბევრს, სანამ მეორე წელს ავსტრიული “ტიროლი“ არ შეგვხვდა.
“ლინფლილდთან“ მატჩის მერე, ბიჭებს ახალი კერპები გამოგვიჩნდა. სადაც რობერტო ბაჯო, რომარიო, ბებეტო და იურგენ კლინსმანი გვიყვარდა, იქ ქართველებიც გაჩნდნენ – ხელახლა დაგვიბრუნეს ქართული ფეხბურთისადმი ინტერესი. დიდი დარტყმა იყო, რაც ორი კვირის თავზე მოხდა, როცა “დინამო“ დასაჯა უეფამ: თბილისურ მატჩში მსაჯის მოსყიდვის მცდელობის გამო.
ერთი ის კი ვიცით, რომ თურქ მსაჯს საჩვენოდ მისხალიც კი არ უმსაჯია. პირიქითაც იტყოდა კაცი. ორ-სამჯერ პენალტი შეიძლებოდა და არ დანიშნა სტუმრების კარში.
სატირალი ამბავი იყო, მაგრამ გაჩნდა იმედი, რომ ეს ბიჭები მინიმუმ ათი წელი გაგვახარებდნენ მაგარი ფეხბურთით. დღევანდელი გადასახედიდან, ის ბიჭები ვარსკვლავები იყვნენ, ვარსკვლავურს თამაშობდნენ.
თუ არსებობს და შეიძლება ამის თქმა – საშიშად ლამაზი გუნდი იყო. წლების მერეც კი თვალწინ დასადგომი ფეხბურთი იყო.