ტოტენჰემს ახალი სტადიონი 15 სექტემბერს უნდა გაეხსნა ლივერპულთან მატჩით. მთელი რიგი ღონისძიებებიც მომზადებული ჰქონდათ, მაგრამ უეცრად ახალი თავისტკივილი გაუჩნდათ: ბოლო შემოწმებებმა უჩვენა, რომ ახალი შენობა მთლად უსაფრთხო არ ყოფილა და ახალი არენის გახსნაც გადაიდო.

ტოტენჰემმა ოფიციალური ბოდიში მოუხადა ქომაგებს. საქმე ის არის, რომ სამშაბათს გულშემატკივართა  წარმომადგენლები კლუბის უფროსობას შეხვდნენ და 850 მილიონგირვანქიანი პროექტის შესახებ ისაუბრეს. უფროსებმა თქვეს, რომ თავადაც ამ დღეებში შეიტყვეს პრობლემის შესახებ. გახსნა დროებით გადაიდება და „დეზები“ უახლოეს საშინაო მატჩებს ისევ „უემბლიზე“ გამართავენ.

„გუშინ კლუბმა კონტრაქტორებისგან საბოლოო დასკვნა მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ უსაფრთხოების სისტემა მთლად გამართული ვერ არის. ამიტომ, გადავწყვიტეთ, გახსნა გადავდოთ. ძალიან ვწუხვართ, რომ ამის შესახებ ჩვენც მხოლოდ ახლა, ასეთ გვიან ეტაპზე შევიტყვეთ.“- წერია განცხადებაში.

არადა, ხალხს უკვე ბილეთები აქვთ შეძენილი და ეს საქმეს უფრო ართულებს. სავარაუდოდ, ისინი კომპენსაციას მოითხოვენ. ჩემპიონთა ლიგაც აღარაა შორს…

ამისდაკვალად, უკვე დამტკიცებულია, რომ  ლივერპულთან 15 სექტემბრის და კარდიფთან 6 ოქტომბრის შეხვედრები „უემბლიზე“ გაიმართება. სავარაუდოდ, „დეზები“ ახალ „უაით ჰარტ ლეინს“ 28 ოქტომბერს მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ მატჩით გახსნიან. მით უმეტეს, რომ ამ დღეს „უემბლი“ უკვე სხვა ღონისძიებისთვისაა დაჯავშნული.