პატარა იტალიურ ქალაქ ვილარ პეროზაში წინასასეზონო მზადების ფარგლებში “იუვენტუსის” ჩასვლა გრანდიოზულ ზეიმად იქცა. ქალაქი ხომ სრული შემადგენლობით გამოცხადდა სტადიონზე და ახლომახლო სოფელ-ქალაქებიდან ბევრმა მიაშურა. ტრიბუნებმა ყველა მსურველი ვერ დაიტია. ხუმრობა საქმე ხომ არაა – სწორედ ამ მოკრძალებულ არენაზე უნდა შემდგარიყო კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე სტადიონის შემოგარენი ერთ დიდ სავაჭრო და გასართობ ცენტრს ჰგავდა რონალდუს 7-ნომრიანი მაისურები, კეპები, პლაკატები… იქვე იყო მოძრავი სადალაქო, რომელიც მსურველებს რონალდუს ვარცხნილობას ანაც კეფაზე საფირმო CR7-ის “ამოქარგვას” სთავაზობდა. წინასწარ დაანონსდა, რომ კრიში ნამატჩევს ავტოგრაფებს დაარიგებდა. მოკლედ, დიდი ამბები იყო გუშინ საყველიეში კი არა და ვილარ პეროზაში. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ტურინულ გრანდს მეტოქედ არა ვინმე სწორფერი, არამედ “იუვე B” ჰყავდა.
რონალდუ სასტარტოში გამოვიდა და უკვე მერვე წუთზე პირველი ტურინული გოლიც გაიტანა. მის გარდა 5:0 დასრულებულ შეხვედრაში თავი კიელინიმ, დიბალამ (ორჯერ) და მარკიზიომაც გამოიჩინეს, თუმცა დანარჩენები ვის ახსოვდა?! რამდენიმე მაყურებელი რონალდუსთან სელფის გადასაღებად, პირდაპირ მოედანზე შექანდა. დებიუტი შედგა. არა იმდენად სპორტული, რამდენადაც კომერციული. ანიელიმ აბსოლუტურად გამართლებული ფსონი დადო: ბრენდი “კრიშტიანუ რონალდუ” წინასაპენსიო ასაკშიც კი დიდებულად იყიდება და წელს “იუვეს” მატჩებზე სარეკორდო დასწრება გარანტირებულია.