„მანჩესტერ სიტიმ” პრემიერლიგის პირველ ტურში „არსენალს” 2:0 მოუგო. გოლები გაიტანეს რაჰიმ სტერლინგმა და ბერნარდო სილვამ. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ჩემპიონთა თავკაცმა პეპ გვარდიოლამ სხვა საკითხებთან ერთად თავის მარცხენა მცველზე, ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონზე, 24 წლის ბენჟამენ მენდიზე თქვა, კარგი იქნება ინტერნეტში ცხოვრებას თუ მოუკლებს და საქმეს მეტად მიხედავსო.

„მენდი მენდია. ხანდახან გინდა რომ მოკლა, ხანდახან კი ფიქრობ, ეს რა ფეხბურთელი მყოლიაო. ის ჩვენს გუნდს ენერგიით ავსებს, თუმცა ბევრი რამ აქვს გამოსასწორებელი. ვიმედოვნებ, რამენაირად ვაიძულებთ, სოციალურ მედიას თავი დაანებოს და როგორც ფეხბურთელმა ზოგი რამ დახვეწოს”.

საინტერესოა, რომ მენდიმ მწვრთნელის სიტყვები „ტვიტერზე” ნახა და პსაუხად დაუწერა: „ოპს!”, რასაც განერვიულებული ემოჯი დაურთო. შემდეგ კი ფრანგმა თავისი და „ოაზისის” ლიდერის, როკ-ვარსკვლავის, „მანჩესტერ სიტის” ცნობილი ფანის ნოელ გალაჰერის ფოტო დაპოსტა.

რაც შეეხება გვარდიოლას კომენტარს მატჩის შესახებ. კატალონიელმა მწვრთნელმა თქვა: „ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. ახლა განვითარება გვჭირდება”.

„სიტის” შემდეგი თამაში სტუმრად აქვს „ჰადერსფილდთან”.