მოგეხსენებათ,  საფეხბურთო ბიზნესში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მაისურების გაყიდვაა. ბოლო დროს ეს სფერო მოდასაც დაუახლოვდა და ყოველი სეზონის წინ  კლუბები ახალი დიზაინის ფორმას წარმოგვიდგენენ. ერთს საშინაოს, მეორეს საგარეოს და ახლა ამ ყველაფერს მესამე კომპლექტებიც დაემატა.

სარფიანი საქმეა. აი, „იუვენტუსმა“ ამ ზაფხულს კრიშტიანუ რონალდუში 100 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა და იტალიური მედიის ინფორმაციით, კონტრაქტის გაფორმებიდან უკვე 24 საათში, თითქმის 60 მილიონამდე მისი 7-ნომრიანი მაისურა გაიყიდა მთელს მსოფლიოში. ამ თანხის წილს კი კლუბი, ცხადია, „ადიდასთან“ მიიღებს.

დიზაინერები ცხადია, ცდილობენ ორიგინალურები იყვნენ. მაგალითად, „ლივერპულს“ მესამე კომპლექტად იისფერი შეურჩიეს. ამ ფერის ფორმა მერსისაიდელებს არასოდეს სცმიათ.

არიან უკმაყოფილოებიც. ცოტა ხნის წინათ ბრიტანული მედია ნაიკს შემოსწყრა, აქაოდა, ფანტაზია შემოგაკლდათო. ისე ვერც გაამტყუნებ. აღმოჩნდა, რომ „ბარსელონას“ და „ტოტენჰემს“ ზუსტად ერთნაირი დიზაინის საგარეო ფორმები შეუკერეს.

თუმცა ამ ცნობილი ფირმის დიზაინერები ორიგინალურობით მაინც გამოირჩნენ. შაბათს პრემიერლიგის პირველ ტურში, „ტოტენჰემმა“ სტუმრად „ნიუკასლი“ დაამარცხა (1:2). სტუმრებს, „ლივერპულის“ არ იყოს, მესამე  – მწვანე ფორმა ეცვათ, რომლზეც ჩრდილოლონდონის რუკაა გამოსახული. „დეზებს“ ამ ფერის ფორმა არასოდეს სცმიათ. მაისურები კი საკმაოდ ძვირი ყოფილა – 110 გირვანქა ღირს.

დიზაინერთა თქმით, მაისურზე რუკის დატანით, „ტოტენჰემის“ ისტორიულ ფესვებს სცეს პატივი. ამ ფორმას გუნდი ძირითადად ჩემპიონთა ლიგის მატჩებში, ასევევე ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში გასვლისას მოირგებს.

სხვათა შორის, „ტოტენჰემი“ 2003 წლის შემდეგ პრემიერლიგის პირველი გუნდი გახდა, რომელსაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას არც ერთი ფეხბურთელი შეუძენია.

 

 

წილი
წინა სტატიასაჭირბოროტო კითხვა-პასუხი
შემდეგი სტატიაჩვენ ვთქვით, ფიფა – იტყვის…
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.