უკვე 41 წლისაა  მილიონობით ბიჭის კერპი, ბრაზილიელი რონალდო. არადა, თითქოს გუშინ იყო, მეტოქის მცველებს ტომარასავით რომ აიკიდებდა და ისე მირბოდა ბურთიანად კარისკენ.

სოციალურ ქსელში რონალდომ „რეალის“ ახალწვეულ ვინისიუს ჯუნიორთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ეს ბიჭი ჯერ 18 წლისაა, მადრიდელებმა „ფლამენგოდან“ 45 მილიონ ევროდ იყიდეს და ფლორენტინო პერესმა ხმაურიანი განცხადება გააკეთა:

„ეს ბიჭი მბაპეს დაგავიწყებთ!“

რონალდო უფრო მოზომილია თავის კომენტარში. სახალხოდ არ აქებს და ადიდებს, ეგაა, ამ ფოტომ მსოფლიო მოიარა. როგორც კი ჭაბუკი ბრაზილიელი თავდამსხმელი გამოჩნდება, მაშინვე რონალდოს ადარებენ.

ამასაც აქვს თავის მიზეზი: მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ქვეყანას ტოპ-ფორვარდი ენატრება. უკვე ვნახეთ ფრედი, ჟო და მისთანები…

ვერც გაბრიელ ჟესუსმა გაიბრწყინა მონდიალზე, თუმცა ფრედიმდე და ჟომდე არ დაცემულა. მაინც ჭყინტია. მომავლიდან კი ჩანს ეს 45-მილიონიანი ბიჭი.

ახალი რონალდო კი არა, საქმეა ისეა, ნახევარრონალდოც არ აწყენს ამჟამინდელ ბრაზილიას…