იტალიურ სერია A-ში სატრანსფერო ფანჯარა 18 აგვისტოს იხურება. სამი დღით ადრე მადრიდის „რეალს“ თანაქალაქელ „ატლეტიკოსთან“ევროპის სუპერთასის მატჩი ელის. თუ ლუკა მოდრიჩი იმ დღეს მოედანზე არ გავა, ხორვატის მილანურ „ინტერში“ გადაბარგება, შეიძლება, გადაწყვეტილ ამბად ჩაითვალოს.

რა შუაშია ჩვენგან სათაურში გამოტანილი მეტსახელი? ეტყობა, არ გსმენიათ მისი აგენტის შესახებ. სახელმა არ დაგაბნიოთ: ვანია ბოსნიჩი საკმაოდ მომხიბლავი ქალბატონი და შეთავსებით მისი ცოლია. ბევრი წლის წინ ვანია დღეს ხორვატიაში ავადსახსენებელი საფეხბურთო მაფიოზის – მამიჩის სააგენტოში მუშაობდა და ახალგაზრდა ლუკა მოდრიჩი მისი საკურატორო ობიექტი იყო. მოგვიანებით სააგენტოდან წავიდა, ლუკას პირადი აგენტი გახდა და ცოლადაც გაჰყვა. სწორედ მისი დამსახურებაა მოდრიჩის ჯერ „ტოტენჰემში“, შემდეგ კი „რეალში“ გადაბარგება.

ინგლისელები ხორვატს მადრიდში არ უშვებდნენ, მაგრამ ყოველთვის მორცხვმა და უტყვმა მოდრიჩმა გაფიცვა გამოაცხადა – ვარჯიშებზე არ მიდიოდა და გუნდს არც აშშ-ში გაჰყვა. ყველას კარგად ესმოდა, რომ ამ ყველაფრის უკან ვანია იდგა…

რატომ აიცრუა გული ლუკამ (თუ მისმა თანამეცხედრემ) მადრიდზე? პასუხი ფლორენტინო პერესის სატრანსფერო სტრატეგიაშია. სექტემბერში ლუკა მოდრიჩი 33 წლის ხდება. რონალდუს წასვლის შემდეგ ის გუნდში ყველაზე ასაკოვანია. გაიხსენეთ, რამდენი წლისანი გაისტუმრა პერესმა გუნდიდან რონალდუ, ფიგუ, რაული, ხაბი ალონსო – ყველა 33 წლისა. ზოგი ოდნავ ადრეც გაუშვია (მაკელელე და რედონდო), ზოგიც ოდნავ გვიან (კანავარო), მაგრამ პერესს ვეტერანები არასოდეს უყვარდა. გამონაკლისი მხოლოდ ზიზუ იყო. ცხადია, რომ ლუკა მოდრიჩის კონტრაქტს, რომელსაც ყავლი 2020 წელს გასდის, მადრიდში გაგრძელება არ უწერია.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით ლუკა „რეალში“ 6,5-დან 10,5 მილიონამდე წლიურ ჯამაგირს იღებს, ანუ ჯამში კიდევ 21 მილიონი ევროს იმედი თუ ექნება.

და ამ დროს მილანის „ინტერი“… იტალიელები ხორვატს 4-წლიან კონტრაქტში წლიურ 10 მილიონს და წლიურადვე მილიონნახევრიან ბონუსს ხომ ჰპირდებიან და ამას გარდა, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ორი წლით და 20 მილიონად ჩინურ „ჯზიანსუ სუნინში“ პენსიასაც ჰპირდებიან. ცნობისათვის: ხსნებული კლუბიც და „ინტერიც“ ჩინური კორპორაცია „სუნინის“ საკუთრებაა.

დათვალეთ? რეალში ლუკა მოდრიჩს რეალურად 21 მილიონი ევროს გარანტია აქვს, მილანში კი 66 მილიონის. ამას დაუმატეთ, რომ ლუკას იტალიურ კლუბში მენაკრებე თანაგუნდელები – პერიშიჩი, ბროზოვიჩი და ვრსალკო დახვდებიან.

ლუჩანო სპალეტიც ხელებს იფშვნეტს: მზად არის გუნდის ტაქტიკა ხორვატულ 4-1-4-1-ზე გადააწყოს და მოედნიც ცენტრი ჩია ხორვატს ანდოს, რომელმაც უბურთოდ თამაში სრულყოფილებამდე აიყვანა.

და ფლორენტინო პერესს რაღა? რა და იტალიელების მიერ შეთავაზებული 60 მილიონი ევრო. მას მშვენივრად ესმის რომ ლუკა გუნდიდან ორი წლის შემდეგ უფასოდ ან ერთი წლის შემდეგ ნახევარ ფასად წავა.

სინიორ პერესი კი საბოლოო ჯამში მაინც ბიზნესმენია. რაც ზემოთ გამცნეთ, ჩვენზე გაცილებით ადრე ვანია ბოსნიჩმა დათვალა და გათვალა. ახლო წარსულში ესპანური სასამართლოს მიერ გადასახადების დაფარვის გამო დევნილი და ხორვატიის სასამართლოს მიერ საერთაშორისო ორდერით ძებნილი ლუკასცოლი ჯერჯერობით არ დამარცხებულა.

ვითომ პერესსაც მოუგებს?

წილი
წინა სტატიაისტორია და ლიტერატურა
შემდეგი სტატიათანამსაჯს თავი გაუტეხეს
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".