მოახლოვდა პრემიერლიგა და შარშანდელი ამბების ნაკვლევიც გამოქვეყნდა. საქმე იღბლის ინდექსს ეხება. ეს იღბლის ინდექსი ერთი უბრალო რამეა, რომელიც იმას გულისხმობს, თუ რამდენი ქულა დააკარგვინა გუნდს ტყუილად არჩათვლილმა გოლებმა, თუ შეცდომით ჩათვლილმა, დანიშნულმა, თუ არდანიშნულმა პენალტებმა, მიცემულმა, თუ მიუცემელმა წითელმა ბარათებმა, რეკოშეტმა გოლებმა, დამატებულ დროს გადაცდენილ დროში გატანილმა გოლებმა. მოკლედ, კი იმან, რამაც მატჩის შედეგზე გადამწყვეტი გავლენა იქონია, გუნდს ქულები დააკარგვინა და ცხრილში ადგილი უცვალა. ეს ამბავი ისეპიენმა გამოიკვლია ინტელთან და რა გასაკვირია, ბასის უნივერსიტეტთან ერთად.

მსაჯის შეცდომა რომ ჩვეულებრივი ამბავია ფეხბურთში და ვიდეორეფერის ამბავმაც რომ გაამართლა, უკვე ვიცით. უმაგისოდ სიმართლის გარკვევა ფეხბურთში უფროდაუფრო გაჭირდება.

ჰოდა, შარშანდელ პრემიერლიგაში ამ მხრივ ყველაზე დაზარალებული გუნდი ლივერპული აღმოჩნდა. გუნდმა თორმეტი ქულა დაკარგა მსაჯების შეცდომების გამო. იღბლის ინდექსი კი ყველაზე მეტად მანჩესტერ იუნაიტედს გამოადგა: გუნდმა ექვსი ქულა მიიღო არასწორი გადაწყვეტილებების შედეგად. შეცდომების გარეშე, ლივერპული მეორე ადგილზე თავად გავიდოდა, იუნაიტედი კი მეოთხეზე ჩავარდებოდა.

სამაგალითოდ, გამოკვლევამ დაადგინა რომ ენფილდზე ამ ორი გუნდის შეხვედრაში ნამდვილი პენალტი არ დაინიშნა სტუმრის კარში.

თავის მხირვ კი, ჩემპიონი სიტიც ას ქულას ვერ დააგროვებდა, სამი დააკლდებოდა.
გამოკვლევის მიხედვით, სტოკის ნაცვლად ჰადერსფილდი უნდა გავარდნილიყო, ბრაიტონს ექვსი ადგილით მაღლა უნდა დაესრულებინა ჩემპიონატი, რაშიც, დამატებით თორმეტ მილიონამდე გირვანქას მიიღებდა. შესაბამისად, ლესტერი მეცხრე ადგილიდან მეთოთხმეტემდე ჩამოქვეითდებოდა და ათ მილიონზე ნაკლებს მიიღებდა. მოკლედ, ლესტერმა სამი გოლი გაიტანა დამატებულ დროს გადაცილებულ დროში, ჰადერსფილდმა კი საშინაო თამაშებში ხუთი რეკოშეტი შეაგდო.

ნიუკასლელი მეტ რიჩი ყველაზე იღბლიან მოთამაშედ ჩაითვალა, ხელით თამაშიც ვერ დაუნახეს თავის საჯარიმოში და ორჯერ წითელიც არ მისცეს. საბოლოოდ კი, უამრავი ასეთი სურათი.
კვლევა საინტერესო და რთული იყოო. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ პრემიერლიგამ უარი თქვა ვიდეო-მსაჯობაზე. წლეულს არაო. გაისად რა იქნება, რა ვიცით. ყოველ შემთხვევაში, არ ეტყობა, რომ დიდად უნდოდათ. ესენი კი ალბათ საგაისოდაც გამოიკვლევენ.

საინტერესო კი ეს არის, რომ თუ ბურთს კარისკენ დაარტყამ, ვიღაცას მოხვდება და კარში შევარდება, რატომ უნდა გაუტოლო ასეთი გოლი მსაჯის შეცდომას. ალბათ, იღბლის ამბავში.

ისე კი, ეგ ვიღაცას რომ ხვდება და შევარდება, ლამაზ მომენტსაც აფუჭებს ხოლმე, მაგრამ ძალიან მოხშირებულია დღევანდელ ფეხბურთში. წითელი ბარათები ასე თუ ისე გასაგებია, თუმცა პირიქითაც ვიცით, რომ ათი კაცით მოუგიათ. იშვიათად, მაგრამ ვნახეთ აგერ ახლაც.

ასევე, მსაჯის მიერ დამატებულ დროს დამატებული განუსაზღვრელი დრო წლებია არსებობს და კი ახდენს ხოლმე გავლენას, მაგრამ მაშინ უნდა დააკანონონ, რომ რასაც დაამატებ ისაა და მორჩა, დამატებულ დროში ვიღაცის კოტრიალის, შეცვლის და სხვა ასეთების ასანაზღაურებლად კიდევ ნუღარაფერს დაამატებო.

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ როცა არდანიშნულ პენალტს ავტომატურად გოლად თვლი, რეალურ თამაშში დაზარალებულს ანიჭებ უპირატესობას. თან წარმოსახვით თამაშში, სადაც პენალტი დანიშნე და გაიტანე კიდეც და შეცდომაც გამოსწორე, ყველაფერი ზუსტად ისე როგორ გაგრძელდა, როგორც რეალურ თამაშში?

გასაგებია, რომ ამ გამოკვლევის არსი იმის ჩვენებაა, რომ მსაჯები ცდებიან და არა იმის, რა მოხდებოდა.

რა მოხდებოდა, მხატვრული ლიტერატურაა. რა მოხდა, ისტორია.

წილი
წინა სტატიარივალდო: ნეი ბოლოს მაინც რეალში წავა
შემდეგი სტატიამოდრიჩი იტალიურად – ლუკაცოლი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.